მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სიღარიბე, – გოცირიძის, გახარიას და საქსტატის მონაცემებით

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პრემიერს ჰკითხა:

“თქვენ რა ციფრებიც წარმოადგინეთ, არის ტყუილი. ბატონო პრემიერო, იცით, რატომ მოხსნა ივანიშვილმა თქვენი წინამორბედი, რატომ გაუშვა სახლში? გაეროს კვლევების გამო, სადაც ჩანდა, რომ იმატა სიღატაკემ – ეს იყო ოფიციალური ვერსია, თორემ, სინამდვილეში ვიცით, რატომ გაუშვა და თქვენც გაგიშვებთ.

“იმიტომ, რომ გაეროს კვლევის მიხედვით, ბავშვებში უკიდურესი სიღატაკე 2015 წელს იყო 2,5 პროცენტი და 2017 წელს გახდა 6,8 პროცენტი.

“პენსიონერებში უკიდურესი სიღატაკე 2015 წელს -1,7% და 2017 წელს – 6,7%

“ამის შემდეგ სარწმუნო განახლებული ინფორმაცია არ არსებობს და თქვენ მიერ მოტანილი ყველა ციფრი ტყუილია.

“2013 წელს 90 დოლარი იყო პენსია და ახლა არის 75 დოლარი, არ თქვათ, რატომ ითვლი დოლარებშიო, ინფლაციის გამო…

“საქართველოს მოსახლეობა არის უკიდურეს გაჭირვებაში….”

პრემიერმა რომან გოცირიძის რეპლიკას მოკლედ უპასუხა:

“ამას რა უნდა ვუპასუხო? (მქუხარე ტაში დარბაზში…) თქვენ პენსიონერებზე მეტად ის გაინტერესებთ, რატომ მოხსნეს კვირიკაშვილი – თქვენ წარსულით ცხოვრობთ…”

მანამდე პრემიერმა კარგა ხანს, სწორედ წარსულზე ისაუბრა, – 2012 წელზე.

“2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ”. – განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე 34.7%-დან 25.5%-მდეა შემცირებული.

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. 

“აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19,5%. მსოფლიო ბანკის მონაცამებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34,7%-დან 25,5%-მდე.

“მე არაფერს ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, გაიზარდა პენსია პენსიონერებისათვის 20 ლარით. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80%“. – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, მისთვის უკიდურესად მძიმეა სიღარიბის თემაზე საუბარი. „ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზების გამო. გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც კრიზისში ვართ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ცხოვრება და ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმით არის განმსჭვალული. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა თითოეული მოქალაქისთვის იმედის მომცემი მაინც ყოფილიყო”. – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს ბიუჯეტის 1/3 მიმართულია სოციალური ხარჯებისთვის.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს უსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით კი, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება, რაც 2004 წლიდან ხელმისაწვდომი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობაა. კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, სოფლად მოსახლეობის 23.7% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი, – 16.4%.

ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით.

მსგავსი პოსტები

Back to top button