მნიშვნელოვანისიახლეები

ენმ: “მას დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება”

“ნაციონალური მოძრაობა” ენზელ მკოიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ხატია დეკანოიძე “ქართული ოცნების” წევრთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მკოიანმა დანაშაული საჯაროდ ჩაიდინა, თუმცა სამართალდამცავებს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონდათ.

“საქმე ეხება ქართული ოცნების დეპუტატის, ენზელ მკოიანის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია ათობით ადამიანის თანდასწრებით. მივმართავ პროკურატურას და შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები და ღონისძიებები ენზელ მკოიანის წინააღმდეგ. მას დაუყოვნებლივ უნდა შეუჩერდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატ ენზელ მკოიანის დაკავების ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მისი განმარტებით, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ კონფლიქტისა და სროლის წამოწყების ინიციატორი სამველ პეტროსიანია.

“ნამდვილად არსებობს ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს იმ ვითარებას, რომელიც იყო კონკრეტულ ადგილას, სადაც იყო შესაბამისი კონფლიქტი და ამ კადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ისვრის ენზელ მკოიანის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის წევრის მისამართით და ამაზე პასუხობს ენზელ მკოიანი თავდაცვის მიზნით. ეს არის ის სურათი, რომელიც აშკარად იკვეთება ვიდეოკადრებიდან. დანარჩენი არის გამოძიების საქმე. პირდაპირ და ნათლად ჩანს ამ კადრებში, რომ კონფლიქტის და სროლის ინიციატორი არის პეტროსიანი, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს და აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუმცა, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ პროკურატურის ჩართულობით. არავითარი საფუძველი მკოიანის დაპატიმრების, ან მისთვის უფლებამოსილების შეჩერების, არსებობს, გამომდინარე ვიდეოკადრებიდან,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button