საია სააკაშვილის დაჯარიმებას ითხოვს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია სწავლობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ოფისის მიერ მომზადებულ განცხადებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევის საკითხზე.

საია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს 31 ივლისს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში ჩართულიყო. ექსპრეზიდენტმა ბათუმელებს ვიდეოთი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერის მოწოდებით მიმართა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვის მეშვეობით ჩაერთო წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას წარმოადგენს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, მათ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით, ყოფილი პრეზიდენტის პოზიციასაც ეხმიანება. 

საია-ში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართულ მოქმედებად აფასებენ. 
არასამთავრობო ორგანიზაციაში სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საშიშ გზავნილად აფასებენ და აცხადებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს, საჯარო განცხადებების გაკეთებისას მეტი პასუხისმგებლობა მართებს. 

მსგავსი პოსტები

Back to top button