მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

24 საათში რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში 42 სოფლის ოკუპაცია მოახდინა

"მხოლოდ კიევის რეგიონში 1126 უკრაინელი მოკლეს ოკუპანტებმა. მათგან 40 ბავშვია,"-ზელენსკი

უკრაინაში ომის 58-ე დღეა – ლუგანსკში, დონეცკში, ხარკოვსა და პოლტავაში განგაშის სიგნალები ისმის. დონეცკში დაბომბვების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში 42 სოფლის ოკუპაცია მოახდინა.

ამ დროისთვის ოკუპანტს უკრაინის დაახლოებით 3 500 დასახლებული პუნქტი აქვს დაკავებული. ეს არის 30 პროცენტი იმ ტერიტორიისა, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ხარკოვის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთა სოფლებიც გამუდმებით იბომბება, დათანხმდნენ ევაკუაციას. ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი. განადგურდა ორი სასურსათო ბაზარი და დაიბომბა საცხოვრებელი უბნები.

ერთ-ერთი ჭურვი მანქანას მოხვდა. არიან დაღუპულები.
რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ნიკოლაევზეც, რის შედეგადაც დაშავდა სამი ადამიანი.
“აზოვის” პოლკის მეთაურის ინფორმაციით, “აზოვსტალის” ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყველა შენობა განადგურებულია. აგრესორები ყრიან ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბებს, რაც იწვევს ნგრევას. არიან დაჭრილები და დაღუპულები მიწისქვეშა თავშესაფრებში, მათ შორის მცირე წლოვანი ბავშვებიც.

ამჟამად ცნობილია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ მოკლულია 1 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს პორტუგალიის პარლამენტისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

“მხოლოდ კიევის რეგიონში 1126 უკრაინელი მოკლეს ოკუპანტებმა. მათგან 40 ბავშვია,”- განაცხადა ზელენსკიმ

მან გაიხსენა სამოქალაქო პირების მკვლელობა ბუჩაში და განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მხრიდან ანალოგიურ საომარ დანაშაულს აქვს ადგილი ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის და უკრაინის სხვა დანარჩენ ოლქებში, სადაც ოკუპანტებმა გარკვეული ხნის განმავლობაში დაიკავეს ტერიტორიები.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებისკენ კვლავ მოუწოდა, რათა მას აღარ დარჩეს რესურსი ომის გასაგრძელებლად.

“ახლა მნიშვნელოვანია, როდესაც ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეექვსე პაკეტს, რომ თქვენ აჩვენოთ თქვენი ლიდერობა და რუსეთის წინააღმდეგ მთელი ევროპის დონეზე დააწესოთ ნავთობის სრული ემბარგო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად დაჟინებით მოითხოვოთ რუსული საბანკო სისტემის სრული შეზღუდვა, “- განაცხადა პორტუგალიის პარლამენტისადმი მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button