მნიშვნელოვანისიახლეები

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი ძალა კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, ფრაქციას სრული მობილიზაცია ექნება და საკანონმდებლო ორგანოში ბუბა კიკაბიძე და ლევან ვარშალომიძეც მივლენ.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია, დაადგინოს – მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობის ყველა ის შესაძლო ფაქტი, რომელიც მოხდა და საზოგადოებამ იხილა.

ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებასაც იმის თაობაზე, რომ კომისიის შექმნის სანაცვლოდ, „გირჩი“ კონკრეტულ პირობებს დააყენებს.

„რაც შეეხება „გირჩს“, იაგო ხვიჩიასთან საუბარი მქონდა. ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან, მათ შორის „გირჩთან“ თანამშრომლობა მინდა პარლამენტში, არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის გამო, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციაში ცივილური თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი. პირადად მე, არასოდეს ჩამითვლია, რომ იაგო ან სხვა „გირჩიდან“ „ქართულ ოცნებასთან“ ღიად თანამშრომლობს. ამის დამადასტურებელი ფაქტები ვერც მექნებოდა და არც მაქვს. ყოველთვის იარლიყების მიწებების წინააღმდეგი ვართ. თუ მათ ჩვენი თანამშრომლობა დასჭირდებათ, მათთან ვითანამშრომლებ. წინასწარი კონსულტაციები პოზიტიური იყო, კიდევ მექნება საუბარი და თუ ისინი ხმას მოგვცემენ, კომისიის შექმნისთვის 50 ხმა გროვდება. ფრაქციას საგამოძიებო კომისიისთვის სრული მობილიზაცია დასჭირდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გარშემო სხვადასხვა სახის მანიპულაციის კასკადს ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, როცა ობიექტური მოცემულობა არსებობს, უმრავლესობა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის და ამის მაგალითი იყო სარალიძის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს ისეთი კომისიის შექმნას, როცა ამოწურული არ არის ყველა ლეგიტიმური საშუალება, რაც ამა თუ იმ საკითხზე გამოძიებას აქვს.

ასევე არ უჭერს მხარს პარტია “მოქალაქეები” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას

ალეკო ელისაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიები სოციალურ საკითხებზე უნდა შექმნან და არა, მისი შეფასებით, ძალით გაბუქებულ თემებზე. მისი თქმით, ეს ენერგიის ამაო ხარჯვა იქნება.

კომისიის შექმნას მხარს არც გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრები დაუჭერენ მხარს.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნის, მის მუშაობაში მმართველი პარტიაც ჩაერთვება.

ამასთან, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი ძალა კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.

“ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ თვლიან, ამის გაკეთების საშუალება აქვთ. თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ.

ოპოზიციას უნდა, ეს ინსტრუმენტი იმისთვის გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს, ამას მეტი მიზანი არ გააჩნია,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button