მნიშვნელოვანისიახლეები

“მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებები მიღებულია

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს, ოპოზიცია აპროტესტებს

“მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია. კანონის პროექტი საბოლოო – მესამე მოსმენით 79-ხმით, 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებების საფუძველზე სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

აღნიშნულ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.
ამასთან, პირველი მოსმენით განხილვის პროცესში პროექტის პირვანდელი ვარიანტი დაკორექტირდა და უხამსობაც თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გადავიდა.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების, უხამსობის გავრცელების აკრძალვას. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი არიან “ქართული ოცნების” უმრავლესობის დეპუტატები: – დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.

უმრავლესობის წევრების განმარტებით, “კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას, რაზეც დამოკიდებულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, ოპოზიცია აპროტესტებს. ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს რისკი, ეს კანონი ცენზურის ინსტრუმენტად გარდაიქმნას.

“ყველაზე უპრიანი გადაწყვეტილება ამ მოცემულობაში იქნებოდა, რომ გადადებულიყო ამ კანონპროექტზე მსჯელობა, რადგან განსაკუთრებით მაშინ, როცა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რეალურად, არის თუ არა ეს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. ჩვენს რეალობაში, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც მარეგულირებელი არის პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ გადაიქცევა ცენზურის ინსტრუმენტად, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში და, შესაბამისად, ამ კანონის მიღება წარმოდგენილი სახით შეზღუდავს ჩვენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებას,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.

“პირველი იქნება ჩემი მოწოდება, რომ შეჩერდეს ამ კანონის განხილვა, რომ არ იყოს ეს ასეთ ცაიტნოტში და თითოეული ტერმინი, თითოეული სიტყვა უნდა იყოს აწონ-დაწონილი, ვინაიდან ამის უკან იმალება შესაძლებლობები განხორციელდეს სერიოზული რეპრესიები თავისუფალ მედიაზე,”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი კანონს დაჩქარებული წესით იმიტომ განიხილავს, რომ რაც შეიძლება მალე გამოიყენონ ის, როგორც ცენზურის ბერკეტი.

“მათი ამოცანაა, რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს კომიტეტზე მესამე მოსმენით ამის განხილვა, დღესვე დაასრულონ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევა, პრეზიდენტი, ალბათ, ვეტოს დაადებს, მაგრამ რაც შეიძლება მალე გადალახავენ იმ ვეტოსაც, რომ რაც შეიძლება მალე ჰქონდეს ბექაურს ბერკეტი იმისა, რომ როცა არ მოეწონებათ მედიასაშუალებებში, ის ან ჩათვალონ სიძულვილის ენად ან რაიმე სხვად. პირველ ეტაპზე, დააჯარიმონ ეს მაუწყებლები და შემდეგ მიიღონ შემდეგი რეპრესიული ზომები,”- აცხადებს დავით კირკიტაძე.

“ის, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ვისაც უნდა, რომ სხვანაირად წარმოაჩინოს და ხელი შეუშალოს ამ კანონპროექტის მიღებას, თავისთავად ცხადია, რომ ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ეს ნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას,” – ეს განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე განცხადებით, ცვლილებები სწორედ ევროსაბჭოს დირექტივის მიხედვითაა შესრულებული.

“იმისთვის, რომ დირექტივა შესრულებულად ჩაითვალოს, აუცილებელია, რომ გადავიდეს რეგულირებაში. ზუსტად ეს არის, რასაც დღეს ვაკეთებთ – რეგულირებაში გადაგვაქვს თვითრეგულირებიდან, რადგან ეს არის ევროსაბჭოს მოთხოვნა და მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევასრულოთ ეს რეკომენდაცია და ჩაითვალოს ჩათვლილად. ვინ რაც არ უნდა ატეხოს, ფაქტი არის ერთი – ის, ვინც ამას ეწინააღმდეგება და უნდა, რომ სხვანაირად წარმოაჩინოს და ხელი შეუშალოს ამ კანონპროექტის მიღებას, თავისთავად ცხადია, რომ ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, ნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსის მიღებას,” – აცხადებს დავით სონღულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები 84 ხმით მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მესამე მოსმენაც დღეს დაიგეგმა – ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მთავარი სიახლე არის ის, რომ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით, მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button