მაუწყებლობის კანონი არა ყველა ონლაინმედიას, არამედ მაუწყებლების პლატფორმებს შეეხება-მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონი გავრცელდება მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე.
რაც შეეხება ონლაინ მედიას, როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის ნორმები მათზე არ გავრცელდება.
„მაუწყებლობის შესახებ კანონი, ჟურნალისტების მიერ აღიარებული ქცევათა წესები გადადის სავალდებულო აღსრულებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადის სახელმწიფო რეგულირების სფეროში. თუ აქამდე იყო თვითრეგულირებაში და კონკრეტულ მედია საშუალებებს თავად ჰქონდათ კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების უფლება, ახლა ეს ფუნქცია კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისას გადაეცემა.
ასევე, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, ამა საკითხთან დაკავშირებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გარდა იმ ნორმებისა, რომელიც აღიარებული იყო ჟურნალისტების კორპუსის მიერ, ბრიტანული სტანდარტი, ასევე გავრცელდეს, მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზე.
დღეს აქტუალური იყო კითხვა: გავრცელდება თუ არა ონლაინ მედიაზე ზოგადად? – არა. ონლაინ მედიაზე ზოგადად, არ გავრცელდება, მაგრამ მაუწყებლების შესაბამის ონლაინ პლატფორმებზე კანონის ნორმები გავრცელდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
4 მარტს, სადავო პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტით, სრულად იკრძალება უცხოური დაფინანსება, წესდება ახალი შეზღუდვები ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში, მკაცრდება კონტროლი და სადამსჯელო ზომები.
სწორი გაგებით, როცა ვსაუბრობთ მაუწყებლობის „ჩარჩოში“ მოქცევაზე კრიტერიუმებით, რომლითაც ყველა წამყვანი ქვეყანა ხელმძღვანელობს, იმ ონლაინგამოცემებსაც უნდა შეეხოს, რომლებსაც, პირველ რიგში, მედია და მაუწყებლობები ფლობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ეს სრულიად ლოგიკური ინიციატივაა.
„21-ე საუკუნეში ვართ და მხოლოდ ტელევიზორი ხომ არ გვაქვს? ზოგი ინფორმაციას ტელეფონიდან და ინტერნეტსივრციდან იღებს. აქ ალოგიკური და გასაკვირი ნამდვილად არაფერია. სრულიად ლოგიკური ინიციატივაა. ცვლილებები მაუწყებელს თუ ეხება, მაუწყებლის მხრიდან მართულ ონლაინმედიას რატომ არ უნდა ეხებოდეს? ან თუნდაც არამაუწყებელს? როდესაც შენ საკუთარ თავს აპოზიციონირებ, როგორც ონლაინმედია, რატომ უნდა იყო წინააღმდეგი, რომ ყველა მედიასტანდარტი დაიცვა, რომელიც მსოფლიოს წამყვან დემოკრატიებში მოქმედებს? თქვენი კოლეგებისგან, და არამხოლოდ მათგან, შეშფოთება მოვისმინე არა მხოლოდ ონლაინმედიაზე, არამედ, ზოგადად, როცა ეს ყველაფერი დაანონსდა მაუწყებლებთან დაკავშირებით. გასაკვირია და ისევ და ისევ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ ე.ი. რაიმე დასამალი აქვს“, – განუცხადა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, დღეს მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მაუწყებლებისთვის გათვალისწინებული ქცევის სტანდარტები ონლაინ მედიაზეც გავრცელდება და კანონპროექტში განიმარტება, რა არის ინტერნეტმომსახურება.