მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება შემცირდა
მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება შემცირდა. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა საარჩევნო სისტემა, საჭირო გახდა ბიუროების რაოდენობის გაზრდა.
მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, წინა დებულებით გათვალისწინებული დაფინანსება შენარჩუნდა და გადანაწილდა არსებულ ბიუროებზე.
„თითოზე იყო გათვალისწინებული 5 ათასი ლარი თვეში, წინა დებულების მიხედვით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვეზარდა ადმინისტრაციული ხარჯი და იმ ბიუჯეტის ფარგლებში დავრჩენილიყავით, რომელიც იყო განსაზღვრული წინა წლებში ბიუროებისთვის. ამან გამოიწვია რა თქმა უნდა, თითოეული ამ ბიუროს ხარჯის შემცირება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღევანდელი ბიუროს სხდომით პარლამენტის საშემოდგომო სესია დასრულდა. საგაზაფხულო სესია კი თებერვალში გაიხსნება, თუმცა პარლამენტი სავარაუდოდ, იანვრიდან კვლავ რიგგარეშე სხდომების ფორმატში განაახლებს მუშაობას.