მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„მდიდარი“ ქიძინიძეები

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

სოფელ ქიძინიძეებში, რომელიც 12 კილომეტრით არის დაშორებული შუახევის მუნიციპალური ცენტრიდან, სამი წელია, ტრანსპორტი არ მოძრაობს. ამის მიზეზად, სოფლის დაცლას ასახელებენ, რომელიც ადგილობრივებმა ერთბაშად, ძალიან სწრაფად მიატოვეს და ქალაქში გადაბარგნენ.

სოფლელების თქმით, მათი უმრავლესობა მშენებლობაზე დასაქმდა, ნაწილი კი, მეზობელ თურქეთში წავიდა სამუშაოდ. სოფლის რწმუნებული რუსლან ბათაძე, ერთ დროს, თავისი სამარშუტო მიკროავტობუსით ემსახურებოდა ადგილობრივებს. ახლა კი, ეს საქმე წამგებიანი გახდა. იგი დარწმუნებულია, რომ „მარშრუტკა ხალხმა უნდა ამუშაოს“.

რუსლან ბათაძე, ქიძინიძეების რწმუნებული:

„მარშრუტკა უნდა ამუშაოს ხალხმა. ხალხი უნდა იყოს, მასა, რომ ადამიანი წავიდეს და იაროს.“

ირმა ზოიძე, ჟურნალისტი:

„ბატონ გურამს დედა ჰყავს მოხუცი. ამ ადამიანებს აქ სოფელი აქვთ და უნდათ ხშირად სიარული, მაგალითად, ხო?…“

რუსლან ბათაძე, ქიძინიძეების რწმუნებული:

„უნდა… შვილიშვილი ჰყავს შემძლე. შვილიშვილი ამოვა, დაურეკავს, წაიყვანს, სადაც უნდა, მიიყვანს, მოიყვანს. აბა რისთვის ჰყავს შვილიშვილი? აქ მდიდარი ხალხია და თავისი ჰყავს ყველას და დადიან თავისი მანქანით.“

ირმა ზოიძე, ჟურნალისტი:

„თქვენი სოფელი რის წყალობით გამდიდრდა?“

რუსლან ბათაძე, ქიძინიძეების რწმუნებული:

„აქვთ საშუალება. ხელფასი მომატებულია, პენსია…“

ქიძინიძეების მკვიდრი ოჯახების ნაწილი სოფელში საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ადის. გურამ აბაშიძე დედასთან და ცოლთან ერთად, 9 თვე სოფელში ცხოვრობს, შემოდგომის ბოლოს კი, სარჩო-სანოვაგეს, რომელსაც მთელი წელი ამზადებს, შვილის ტრანსპორტში ჩატვირთავს  და ბათუმში გადაბარგდება. ასეთივე რეჟიმით ცხოვრობს ნათელა ცეცხლაძეც. მგზავრობის გარდა, ადგილობრივებს ტრანსპორტი სოფლის მეურნეობის პროდუქტის ბაზარზე გასატანადაც სჭირდებათ.

გურამ აბაშიძე, ქიძინიძეების მკვიდრი:

„ავადმყოფი კაცი ვარ და მინდა, ექიმთან ახლოს ვიყო. ოპერაცია მაქვს გულზე გაკეთებული. აქ დიდი თოვლი რომ მოვიდეს და ექიმი დამჭირდეს, სად, როგორ? ამიტომ ვარ სიახლოვეს მედიცინასთან. კვირაში ორი დღეც რომ იყოს, დავუშვათ, ორშაბათი, შაბათი, ან არჩეული რომელიც იქნება, ძაან კაი იქნება, მაგრამ რა ვქნა?“

ნათელა ცეცხლაძე

ნათელა ცეცხლაძე, ქიძინიძეების მკვიდრი:

„მეზობელი სოფლის „რაფი“ მოვა, წაგვიყვანს. 10 ლარი – მგზავრობა. თუ ტვირთი გაქვს, გადაიხდი ტვირთის ფულს.“

ირმა ზოიძე, ჟურნალისტი:

„რამდენია?“

ნათელა ცეცხლაძე, ქიძინიძეების მკვიდრი:

„4-5 ლარი. შარშან ტონა ვაშლი მქონდა, მაგრამ დალპა. კარტოფილსაც, აგერ, მოვიყვანთ ახლა. ჩვენ სანამ ჩავიტანეთ, გაიაფდა. ახლა კარტოფილი 2, 7, 6 ლარი ღირს. ჩვენ 1 ლარად ჩავაბარეთ ან 50 თეთრად. რა შემოსავალი უნდა იყოს?“

იმის მიუხედავად, რომ 150 კომლიანი სოფელი ახლა 35 ოჯახს ითვლის, ბეტონით მოკირწყლულ გზაზე ყველა ასაკის ადგილობრივ მკვიდრს გადაეყრებით. 91 წლის თეიმურაზ აბაშიძეს ვკითხეთ, როგორ ახერხებს მათთვის საჭირო სერვისების მიღებას უტრანსპორტობის პირობებში. მაგალითად, – როგორ მიდის ექიმთან.

თეიმურაზ აბაშიძე, ქიძინიძეების მკვიდრი:

„სოფელ ჯაბნიძეებიდან მოდის ავტობუსი. დავურეკავთ და სულ მოდის. იმათ უხარიათ, რომ ელოდებათ.. მგზავრი, ფული…“

ბატონ თეიმურაზს  ვკითხეთ, შესაძლებლად მიაჩნია თუ არა, რომ ჯაბნიძეების „მარშრუტკამ“ ქიძინიძეებშიც რეგულარულად იაროს და ეს ხარჯები მუნიციპალიტეტმა დაფაროს?

ირმა ზოიძე, ჟურნალისტი:

„ჯაბნიძეებში მოვიდეს, დაუმატოს, ვთქვათ, მუნიციპალიტეტმა ფული, აქაც მოვიდეს და ისევ ჯაბნიძეებით წავიდეს…“

თეიმურაზ აბაშიძე, ქიძინიძეების მკვიდრი:

„მუნიციპალიტეტი ერთ კაპიკს არ დაუმატებს. მუნიციპალიტეტმა თავისი ხარჯიდან უნდა გაიღოს და არ გაიღებს. რატომ დახარჯავს?“

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ იქნება მომგებიანი. ის ყველგან სუბსიდირებულია.“ – ამბობს ლაშა ნაკაშიძე, რომელიც საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის პოლიტიკაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. უფრო მეტიც, ვალდებულება, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობის ტრანსპორტით გადაადგილება უზრუნველყოს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში პირდაპირ არის გაწერილი.

ლაშა ნაკაშიძე, ანალიტიკოსი:

„შეიქმნას გარკვეული რეგიონული სატრანსპორტო სააგენტო… მუნიციპალიტეტებმა დააფუძნონ, სადაც ისინი გარკვეული პროპორციულობით შეიტანენ ფინანსურ რესურსს და მოიზიდავენ სხვა რესურსებსაც. ეს შეიძლება იყოს რეგიონული ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები, ეს შეიძლება იყოს კერძო სექტორიდან გარკვეული თანხები. ერთ-ერთი გადაწყვეტა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით არის ხოლმე ასეთი სოფლების შემთხვევაში, მარტივად რომ ვთქვათ: არსებობს სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც შედის ზარი, თუ სად უნდა წასვლა, რომელი დროის განმავლობაში, და როდესაც რაღაც კრიტიკული მასა მოგროვდება მსგავსი მოთხოვნებით, სადისპეტჩერო ცენტრი შესაბამის სოფელში ან სოფლებში აგზავნის მიკროავტობუსს ან სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებას.“

შუახევის მერია

შუახევის მუნიციპალიტეტისთვის რომ პრიორიტეტი ის ტრანსპორტია, რომელიც აქაურ მაღალჩინოსნებს პერსონალურად ემსახურება, იმ დოკუმენტებითაც ჩანს, რომელიც რადიო თბილისმა მოიპოვა. მაგალითად, ორი მაღალი გამავლობის მანქანის, – FORD RANGER-ის და FORD ESCAPE-ს მომსახურებისთვის, მუნიციპალიტეტი ტენდერში მოგებულ კომპანიას 100 ათას ლარზე მეტს უხდის. შუახევის მერიის პრიორიტეტების შესახებ კითხვები ადგილობირივი ხელისუფლებისთვისაც გვსურდა დაგვესვა, თუმცა გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე, უწყებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფის პოლიტიკა ბოლომდე არ  შეუმუშავებია. მუნიციპალიტეტმა უკვე ავტობუსიც შეიძინა, თუმცა ის თებერვლიდან მერიის ეზოში დგას, როგორც თვალსაჩინოება და არავინ იცის, როდის, რა მიმართულებით, ან რა რეჟიმით იმოძრავებს. შუახევში კი, ქიძინიძეების გარდა, კიდევ რამდენიმე სოფელია, სადაც მოსახლეობას უტრანსპორტობა აწუხებს და ცენტრში მისასვლელად, ათობით ლარის გადახდა უწევს.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი ჰერეთის პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button