მდინარე დურუჯი – სპეციალისტები საფრთხეზე საუბრობენ

კახეთის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მდინარედ სპეციალისტები დურუჯს ასახელებენ. მათი თქმით, მდინარის კალაპოტში დაგროვილმა ქვებმა თუ ქვიშამ, ღვარცოფის შემთხვევაში, ყვარელს შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს, ვიდრე ეს ვერეს ადიდებისას მოხდა. – წერს რადიო “თავისუფლება”.

საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორის თამაზ ვაშაკიძის თქმით, მდინარეზე დამცავი დამბები, რომელიც პერიოდულად შენდებოდა დღეს მოუვლელია და გაწმენდას საჭიროებს.

ვაშაკიძე ამბობს, რომ დურუჯს ახასიათებს პერიოდულობა.

„ყოველ 12-15 წელიწადში ღვარცოფი მეტ-ნაკლები სიძლიერით ეჯახება დამბას. ბოლო ღვარცოფი იყო 1998 თუ 2000 წელს. ახლა არის 2015 წელი. შესაბამისად, კრიტიკული მდგომარეობაა“, – აცხადებს ვაშაკიძი რადიო „თავისუფლებასთან“.

დურუჯის კალაპოტის გაწმენდის აუცილებლობაზე საუბრობს ადგილობრივი თვითმმართელობაც. ყვარლის გამგებლის მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილი ამბობს, რომ დურუჯი არაპროგნოზირებადი მდინარეა და ამიტომ მისი კალაპოტი სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს.

ამ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ყვარლის გამგეობა საჭირო ფინანსების მოძიებას ცდილობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით კი დურუჯზე დაკვირვებისა და შეტყობინების სისტემა უკვე ამუშავდა, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, საფრთხის შემთხვევაში, ზომები მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დურუჯის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, თუმცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეწყერს მდინარე არ გადაუკეტავს.

რადიო “თავისუფლების” მასალები

მსგავსი პოსტები

Back to top button