მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ
მძღოლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აქციაში მონაწილეობის გამო უწყებაში დაიბარეს და მართვის მოწმობები ჩამოართვეს. ამის მიზეზად კი ორგანიზებულ მსვლელობაში მათი მონაწილეობა დასახელდა, რაც 2011 წლის შემდეგ კანონით ისჯება.
10 დეკემბერს მძღოლები საწვავზე აქციზის მომატებას აპროტესტებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობა მსვლელობის 3 მონაწილეს ერთი წლით ჩამოართა. დაჯარიმებული მძღოლები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნის დროს მათი უფლებებიც დაირღვა, რადგან გამომძიებლებმა მათ ადვოკატთან გასაუბრების უფლება არ მისცეს.
„2016 წლის 10 დეკემბერს სამმა მოქალაქემ თბილისში, ერთ-ერთი აქციის მსვლელობის დროს, ავტომანქანებით ჯგუფურად, უკანონოდ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, მთლიანად დაიკავეს გზის სავალი ნაწილი, შეაფერხეს მოძრაობა და არ მისცეს სხვა მძღოლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სამი მძღოლისთვის მართვის მოწმობების ერთი წლით ჩამორთმევის საკითხს ეხება.
შსს-ში განმარტავენ, რომ ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის დროს სამივე მძღოლმა დაადასტურა მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა, რის გამოც დაჯარიმდნენ მართვის მოწმობების ერთი წლის ვადით ჩამორთმევით.