მძღოლების გაიფიცვა რუსთავში [Audio]
ძველი რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ.
როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა, დავით ლურსმანაშვილმა რადიო “თბილისს” განუცხადა, გუშინ საღამოს რუსთავის საქალაქთაშორისო ხაზების მფლობელი კომპანია “ინტერტრანსის” დირექტორმა ზაზა ლომიძემ რამდენიმე ხაზის მძღოლი დაიბარა და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
ლურსმანაშვილის ინფორმაციით, მუქარის მიზეზი მგზავრობის 20 თეთრით გაძვირება იყო. კერძოდ, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების თქმით, ტარიფის გაძვირება თავად კომპანიამ მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით ეს მძღოლებს დააბრალა და გუშინ კი, დღიური გეგმის გაზრდა მოითხოვა.
დავით ლურსმანაშვილის თქმით, ზაზა ლომიძემ, სამსახურიდან გაშვების მუქარასთან ერთად, ამ საკითხზე აქციების გამართვაც აუკრძალა, თუმცა მძღოლები ამ დრომდე არ გადიან სამუშაოდ.