მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მძიმე დანაკარგების გამო, რუსულმა ჯარებმა, საჰაერო სივრცეში აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, რუსი დამპყრობლების 7 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მძიმე დანაკარგების გამო, რუსულმა ჯარებმა, საჰაერო სივრცეში აქტივობა მნიშვნელოვნად შეამცირეს.

სამაგიეროდ ისინი, საჰაერო დარტყმებს დისტანციურად, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების გამოყენებით ახორციელებენ.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, 15 აპრილს, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, სამი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რუსეთის დანაკარგებმა, დღევანდელი მონაცემებით 20 100 ჯარისკაცს მიაღწია. ამასთან, რუსულ ძალებს ტექნიკისა და აღჭურვილობის დიდი დანაკარგებიც აქვს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 20 100
📌ტანკი – 762
📌ჯავშანტექნიკა – 1 982
📌საარტილერიო სისტემა – 371
📌სარაკეტო სისტემა – 125
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 66
📌თვითმფრინავები – 163;
📌ვერტმფრენი – 145;
📌სამხედრო საავტომობილო ტექნიკა – 1 458
📌გემი/ნავი/კატარღა – 8
📌საწვავის რეზერვუარი – 76
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 138
📌სპეციალური აღჭურვილობა – 26;
📌გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა – 4.

შეგახსენებთ რომ უკრაინაში, პუტინის ომში დაჭრილი 5 ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საავადმყოფოს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებენ.

სხვადასხვა ტიპის დაზიანებები ქართველმა მებრძოლებმა ქალაქ იზიუმთან საარტილერიო დაბომბვისას მიიღეს. ხუთივე მათგანი ბატალიონ „კარპატსკი სიჩის“ რიგებში ირიცხება.

“ტანკებით გვესროდნენ, არტილერიიდან გვესროდნენ. მიიღეს ჭრილობები, მაგრამ მძიმე არ არის, ალბათ 3-4 დღეში დატოვებენ ჰოსპიტალს”, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, გოჩა ხორავა.

ცნობისთვის, 9 აპრილს რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, 2 ქართველი სამხედრო დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა გარდაიცვალა.

ცნობისთვის რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანია უკრაინის „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და ასევე უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ომს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. მიწასთანაა გასწორებული რამდენიმე ქალაქი კიევის ოლქში.

მსგავსი პოსტები

Back to top button