მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი კანიონით 1 ივლისიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურს აუქმებს

მე-11 მოწვევის სადავო პარლამენტმა მიიღო კანონპროექტების პაკეტი, რომლითაც 1 ივლისიდან უნდა გაუქმდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამით სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებას პროკურატურა ჩაატარებს.
მათ შორის:
წამება (მუხლი 1441);
წამების მუქარა (მუხლი 1442);
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 1443);
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (მუხლი 332);
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (მუხლი 333);
განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება (მუხლი 335);
პოლიციელების მხრიდან ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე;
არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა (მუხლი 162);
კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა (მუხლი 1621);
საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა (მუხლი 163);
ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა (მუხლი 1644);
განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება (მუხლი 147);
სამსახურებრივი სიყალბე (მუხლი 341).
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ მის უფროსს, კოკა კაციტაძეს და მოადგილეებს სამ-სამთვიან კომპენსაციას მიცემენ. გარდა ამისა, გაუქმდება ყველა ის გარიგება, რომლებიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დადო.
სამსახურის გასაუქმებლად საჭირო იქნება „ქართული ოცნების“ მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწეროს კანონპროექტების პაკეტს.
ამ სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ერთ-ერთი იყო იმ ცხრა დავალებიდან, რომელთა საფუძველზეც ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ეს უწყება აგებს პასუხს სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.
ე.წ. ცხრა დათქმიდან მეშვიდეში ევროკომისიამ ჩაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ უწყების შესახებ კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით უნდა შეცვალოს.
არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მანდატით აღჭურვილი უწყება – სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახური – 2019 წელს შეიქმნა.
2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და მის ნაცვლად ორი უწყება შეიქმნა: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ნაჩქარევად მიღებული კანონის საფუძველზე, 2022 წლის 1 მარტს თანამდებობები დატოვეს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა.
დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბებამდე სამოხელეო დანაშაულებს საქართველოს პროკურატურა იძიებდა, მათ შორის მაშინაც კი, თუ კანონდამრღვევი პროკურორი იყო. დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბების მიუხედავად, „პროკურატურის ხელი“ არსად წასულა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პროკურატურის ნებართვა (შუამდგომლობა) სჭირდება:
იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების პროცესში ჩხრეკა და მტკიცებულებების ამოღება სჭირდება;
იმ მოწმის სასამართლოს წინაშე გამოსაკითხად, რომელმაც ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარი თქვა;
112-დან კამერების ჩანაწერების გამოსათხოვად;
სხვისი ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერების დროს.
„რეალურად, ერთადერთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პროკურატურის გარეშე შეუძლია ჩაატაროს, ამოცნობაა“, – ამბობდა ლონდა თოლორაია ჟურნალისტებთან საუბარში შარშან. იგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სამი წელი ხელმძღვანელობდა.
ბოლო თვეების განმავლობაში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ათეულობით საჩივარია შესული პროევროპულ აქციებზე სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, თუმცა ამ დრომდე არცერთი ასეთი საქმე გამოძიებული არ არის, არ არის გამოვლენილი არცერთი სავარაუდო ბრალდებული.
არ არის გამოძიებული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც.
შეგახსენებთ ცვლილება ამ მიმართულებით 20 კანონში განხორციელდა.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.