მე-2 კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 37,2%-ით შემცირდა
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 596.5 ათასით განისაზღვრა და მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 675,7 ათასი ვიზიტი განახორციელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 37,2 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 308,4 ათასით განისაზღვრა, რაც 31,4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2020 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 39,1 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 50,5 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 40,7 პროცენტი ქ. თბილისის მცხოვრებია, 11,8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11,6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2020 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 89,2 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 25,2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 23,2 პროცენტით და 132 ლარს უტოლდება.
ადგილობრივი ვიზიტორების მიერ 2020 წლის მეორე კვარტალში გაწეული საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე ასე გადანაწილდა:
საყიდლები – 45,2 ლარი
საკვები და სასმელი – 37,5 ლარი
ტრანსპორტი – 26,1 ლარი
განთავსება – 3 ლარი
გართობა – 0,2 ლარი
სხვა ხარჯები – 20,1 ლარი