მე მიყვარს ადამიანი – ლია კამლაძის ბლოგი

წესით და რიგით, ექიმი უნდა ვიყო…სამედიცინო ინსტიტუტში იმ დროს ჩავაბარე, იქ მოხვედრა გმირობის ტოლფასი რომ იყო, მაგრამ ,,არა საქმე არ იქნებისო”-ნათქვამია…უფალს, ეტყობა, არ უნდოდა…

ვიღაცამ იჩივლა და კომისიამ ჩარიცხულთა დოკუმენტაცია გადაამოწმა. მაშინ ოლიმპიადები ტარდებოდა , რესპუბლიკური და საკავშირო.

საკავშიროს დიპლომი მისაღებ გამოცდებზე ერთ ქულას გმატებდა, რესპუბლიკურის,-არაფერს (ისე, ორივე დიპლომი ერთნაირი იყო, ფერით, ზომით…). მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ჩემი რესპუბლიკური ოლიმპიადის დიპლომი საბუთების მიმღებს საკავშიროდ გაუტარებია და შესაბამისად, ერთი ქულაც მომემატა. კომისიამ აღმოაჩინა ,,შეცდომა” და სხვადასხვა მიზეზით გარიცხულ 28 ბავშვს შორის მოვხვდი. მგონი ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ცხოვრებისეულ სიძნელეებთან…

დაიწყო გასაჩივრების, აქეთ-იქით სირბილის, მტკიცების, ნერვების შლის ეტაპი, რომელიც ორი თვე გაგრძელდა.

ბოლოს გვითხრეს, ამ საქმეს მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი თუ გადაწყვეტსო და მომჩივან მშობელ-ბავშვების ამალამ სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლა (ინსტიტუტის რექტორი ჩვენს მხარეს იყო და ჩუმად გვარიგებდა კიდეც, -რა უნდა გვექნა)…კანცელარიაში ყურადღებას არავინ გვაქცევდა, ხან მაშინდელი პრეზიდენტის, შევარდნაძის თანაშემწეს ალფენიძეს ვურეკავდით და ხან ახალგაზრდული განყოფილების უფროსს გია აბესაძეს (ღმერთმა აცხონოს, ის ალფენიძე გვიღებდა მაინც, გვისმენდა და რჩევებს გვაძლევდა).

მაშინ იმდენი უბედურების მომსწრე გავხდი კანცელარიის მისაღებში, ჩემი ვარდისფერი სამყარო ნაცრისფერი და უსახური იმ დროიდან გახდა…არავის ენაღვლებოდა გაჭირვებული ადამიანები, მათი ბედი თუ უბედობა…ერთხელაც, დაღლილები ვზივართ მისაღებში (უკვე გაშინაურებულები, მშობლები ბუტერბროდებით ხელში), ბავშვები საუბრობენ, მე,-ფანჯარაში ვიხედები და უცებ ქუჩის მხარეს შევარდნაძე დავინახე, ღია კრემისფერი ლაბადით (,,პლაშით”), მარტო, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი…ჯერ ვიფიქრე მეჩვენება-თქო, თვალებიც რამდენჯერმე დავახამხამე და გამოსახულება რომ არ გაქრა, ჩუმად ვთქვი: ,,ბავშვებო, შევარდნაძე”…ყურადღება არავინ მომაქცია (ბავშვებმა ერთი თანაგრძნობით შემომხედეს და საუბარი გააგრძელეს)…

ახლა უფრო მაღალ ხმაზე ვთქვი: ,,ბავშვებო, შევარდნაძე” და მერე აღარ მახსოვს, როგორ გავფრინდი გარეთ, გადავკვეთე ქუჩა და აღმოვჩნდი პრეზიდენტის წინ. ჯერ დადარაჯებული ხმით მივმართე ,,ბატონო ედუარდ!”…და…,,რა იყო შვილოო”, რომ მითხრა, აქ ეტყობა შინაგანმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია და მკლავზე ხელი წავავლე, თურმე ვანჯღრევდი კაცს და ვუყვიროდი ,,გამოდით რა, იმ თქვენი კაბინეტიდან, ნახეთ რა ხდება ქვეყანაზე”-თქო (ეს ყველაფერი არ მახსოვს)…მახსოვს, როგორ მოვარდა დაცვა და როგორ ანიშნა შევარდნაძემ ხელით, არ მოხვიდეთო… ( კიდევ მახსოვს, როგორ აევსო ღია ცისფერი თვალები ცრემლებით…თვალში მომხვდა მოვლილი, ნაზი, სპილოსძვლისფერი კანი)….თურმე ჩაფრენილი ვარ მკლავზე და ხელს არ ვუშვებ.

ახლა პრეზიდენტი ჯიკავს ხომ არ დამიწყებს და წყნარად მეუბნება ,,არ შეიძლება რომ ვდგავართ, ვიაროთ და მითხარი რაშია საქმეო”…ისედაც ჩქარი ლაპარაკი ვიცი და აღელვებულმა ისე მივაყარე, კაცი დავაბნიე ,,დაწერილი ხომ არ გაქვსო”-მკითხა… ,,თქვენი თანაშემწისთვის მაქვს დაწერილი, მაგრამ ადრესატს რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტები ხომ ერთია” -ვუთხარი და კონვერტი ჯიბიდან ამოვიღე.

პრტეზიდენტმა დახედა და გულის ჯიბეში ჩაიდო. ,,პასუხს გაგაგებინებო”-მითხრა და წავიდა…ამ დროს გამახსენდა, რომ წერილზე მისამართი არ ეწერა: ,,როგორ გამაგებინებთ, მისამართი რომ არ იცით ”- დავუყვირე…,,გავიგებ, გავიგებო”- სიცილით მომაძახა…

ისეთი აჟიტირებული ვიყავი…მშობლები და ბავშვები შემომეხვივნენ, ნამდვილი გმირი ვიყავი მათთვის…ორ დღეში კანცელარიიდან დარეკეს…ახალი ეტაპი დაიწყო, კაბინეტიდან კაბინეტში სიარულის…რამდენიმე წლის შემდეგ, შემთხვევით, თეატრში შევხვდი შევარდნაძის თანაშემწეს, მკითხა რა ქენითო: ,,ოდესმე, ალბათ, შევხვდები შევარდნაძეს და აუცილებლად ვეტყვი, რომ შეიძლება ყველა მოატყუო, მაგრამ არ უნდა მოატყუო ბავშვი, რომელსაც შენი სჯერა-თქო”…

მაშინ ბატონმა ვლადიმერმა მითხრა (ალფენიძემ), ,,დარწმუნებული იყავი, რომ ედუარდმა იცის რომ თქვენ ინსტიტუტში აღგადგინესო, ბევრ ტყუილს ეუბნებიანო”…

,,მერე?! ეს ამართლებს, ან ცვლის რამეს”- მეთქი…წესით, ექიმი უნდა ვიყო….დარწმუნებული ვარ, კარგი ექიმი ვიქნებოდი, მე მიყვარს ადამიანი

მსგავსი პოსტები

Back to top button