“მე რომ აქ არ ვიბრძოლო, რუსები მანდ მოვლენო, ასე მიპასუხა” -უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლის ბიძა

“მე რომ აქ არ ვიბრძოლო, რუსები მანდ მოვლენო, ასე მიპასუხა” -უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლის ბიძა.
რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი, 42 წლის ალუდა ზვიადაური, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის მკვიდრია.
გარდაცვლილის ბიძის, ნუგზარ ჭინჭარაულის ინფორმაციით, მამაკაცი საცხოვრებლად ესტონეთში იყო წასული.
” იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა. გაჭირვებული ოჯახიდან იყო,.მამა ადრე გარდაეცვალა. ხუთი წელი დაცვის პოლიციაში მუშაობდა. მერე ესტონეთში წავიდა, მოწვევა ჰქონდა, მუშაობის უფლებით. ჩვენ ესტონეთში გვეგონა და აღმოვაჩინეთ, რომ უკრაინაშია, უკრაინულ-ჩეჩნურ ბატალიონში. დაველაპარაკე, ჩამოდიმეთქი და არაო, აქ რომ არ ვიბრძოლო, რუსები მანდაც მოვლენო. კლდესავით ურყევი პოზიცია ჰქონდა, არაფრის გაგონება უნდოდა, რა ვიცი, რა აგიტაციაა ასეთი. დედა ჰყავს, ცოლ-შვილი არც ჰყოლია. საგარეო საქმეთა სამინისტროდან დამირეკეს, მეგობრებმაც შემატყობინეს, რომ დაჭრილი გამოჰყავდა და ტყვია ესროლეს ზურგში. როგორც ვიცი, უსაფრთხო ადგილას არის გადასვენებული და ჩამოასვენებენ, როცა კორიდორი გაკეთდება და საშუალება. იქნება”- განაცხადა ჭინჭარაულმა.
ალუდა ზვიადაური, სევეროდენეცკის მიმართულებით ბრძოლაში, გუშინ დაიღუპა.
სულ რუსეთ-უკრაინის ომში, 24 თებერვლიდან დღემდე, 16 ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა.