მნიშვნელოვანისიახლეები

,,მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის,,-პაპუაშვილი უნგრეთში იმყოფება

მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის – საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია.

„ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი.

ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა, შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარული სისტემა, რომელიც „ვეტინგის“ სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა,” – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.

„დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას, და არა იძულებით თავსმოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას, ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს, ასევე, ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, რომლებიც პირდაპირი წესით არ არიან არჩეულნი, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან.

ამ მხრივ, კარგი იქნებოდა, უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თქვა “ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას

კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია. შესაბამისად, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში ვიიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, პუდაპეშტში იმყოფება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დელეგაცია, ასევე კანდიდატი ქვეყნების დელეგაციები.
„რა თქმა უნდა, ჩვენს გამოსვლაში მთავარი აქცენტი იმ საკითხებზე გვექნება, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში წევრობას ეხება, მათ შორის იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს და ასევე იმ ხედვაზე, რაც ევროკავშირის მომავალსა და საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით გვაქვს.
ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება იმაზეც, რომ საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულ შემთხვევაში, უსამართლო მიდგომა იყო და ევროკავშირი არ ითვალისწინებდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს და იმას, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე მათი მიდგომა არ იყო მაინცდამაინც მეგობრული ჩვენ მიმართ. ასევე ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის იმ რეფორმების გატარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საკმაოდ დატვირთული იქნება.
მახაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციის მონაწილეებს რამდენჯერმე მიმართავს სიტყვით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია არაერთი შეხვედრა.
“ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იწყება, სადაც ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია-სამიტი გაიმართება. ამ სამიტის მთავარი მიზანი და თემაა, განვიხილოთ, როგორ წარმოუდგენია ევროკავშირს თავისი თავი, როგორც გეოპოლიტიკურ ცვლილებებში, რაც დღეს მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, ასევე შინაგანად, რა ინსტიტუციური გადაწყვეტილები შეიძლება მიიღონ და თან როგორ შეიძლება, უკეთ სცენ პატივი ეროვნული სახელმწიფოების ავტონომიას, იდენტობას, მათ ტრადიციებს იმგვარად, რომ რელევანტურად თავი შეინარჩუნონ მიმდინარე ცვლილებებში, გლობალური აქტორებისთვის და საკუთარი მოქალაქეებისთვის. ეს იქნება ძირითადი თემები. ფორმატში მონაწილეობენ ევროკავშირისა და ძირითადად კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები. არაერთი ორმხრივი შეხვედრა გვექნება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციას სხვადასხვა თემატიკაზე რამდენჯერმე მიმართავს. საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე იქნება. პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციაზე სიტყვით ორჯერ გამოვა. პირველი სიტყვის მთავარი შინაარსი იქნება – გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველო როგორ ხედავს, როგორც საკუთარ თავს, ასევე ევროკავშირს ამ ცვლილებებში. მეორე თემატიკა იქნება ერთი მხრივ, ეროვნული იდენტობების როლი და ტრადიციების პატივისცემა და მეორე მხრივ, ევროკავშირის დამოკიდებულება მთელი ამ პროცესების მიმართ. ეს თემატიკა ამ კონფერენციის თემატიკაა და ლოგიკურია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ამ შინაარსს გაჰყვება. ასევე, ორმხრივი შეხვედრები გვექნება როგორც დიდ, ასევე ნაკლებად დიდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. ორმხრივი, განათლების, ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხების გარდა, საუბარი გვექნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. აქაც ვისაუბრებთ, როგორ წარმოგვიდგენია ამ ურთიერთობების გადატვირთვა, როგორ მოვედით, სად ვდგავართ, სად შეიძლება წავიდეთ და რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ ორმხრივად მომავალში, რათა ეს ურთიერთობები აღვადგინოთ, რადგან ყველანაირი ლოგიკით, გეოპოლიტიკური ცვლილებები ჩვენგან სწორედ პროაქტიურ და კონსტრუქციულ დიალოგს მოითხოვს და არა იმ ბავშვურ ქმედებებს, რასაც ბრიუსელის ბიუროკრატიიდან ვხედავთ ხოლმე”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button