მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მეათე მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად იკრიბება

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 12:00 საათზე გაიხსნება. სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის, დარბაზში კი მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ისხდებიან.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა გადაეცემა პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც რეგლამენტის თანახმად, სხდომას გაუძღვება პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე.

მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი საარჩევნო ბლოკის, “ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის” სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა, თუმცა, რადგან სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება, სხდომას გაუძღვება “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ლადო კახაძე.

საკანონმდებლო ორგანოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, ბარიერგადალახული 7 ოპოზიციური პარტია, ახალგაზრდობის სასახლის წინ, საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამით, ოპოზიციური პარტიები დემონსტრაციულად გამოუცხადებენ, მათივე შეფასებით, არალეგიტიმურ, გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტს.

ხელის მოწერის ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს გირჩი, თუმცა ისინი მაინც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და სიებსაც აუქმებენ.

ერთადერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს, სხვების მსგავსად, უარს არ იტყვის საპარლამენტო მანდატებზე, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებია. პარტიის ლიდერები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველად მოიპოვეს სადეპუტატო მანდატები, აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევის იმედი ისევ აქვთ, ოპოზიციის ლიდერებს კი მოლაპარაკებების ჩაშლასა და საბოტაჟში ადანაშაულებენ.

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 150-წევრიან პარლამენტში ჰყავს პროპორციული სისტემით არჩეული 60 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატი.

პროპორციული სისტემით 60 მანდატი მოიპოვა 8 ოპოზიციურმა ბლოკმა და პარტიამ: ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ 36 მანდატი; „ევროპული საქართველო“ 5 მანდატი;ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ 4 მანდატი;„ლელო“ 4 მანდატი;„პატრიოტთა ალიანსი“ 4 მანდატი;„გირჩი“ 4 მანდატი;„მოქალაქეები“ 2 მანდატი; „ლეიბორისტული პარტია“ 1 მანდატი.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი 150 დეპუტატის ნაცვლად, 90 დეპუტატით დაიწყებს საქმიანობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button