მნიშვნელოვანისიახლეები

მეათე მოწვევის პარლამენტმა დღეს ბოლო სხდომა გამართა-პარლამენტი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბება

მეათე მოწვევის პარლამენტმა დღეს ბოლო სხდომა გამართა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომის გახსნისას განაცხადა, დღეს, სავარაუდოდ, ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომაა და პარლამენტი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეიკრიბება.

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომა აღარ ტარდება.

მისივე თქმით, საჭიროების შემიხვევა, რა თქმა უნდა, პარლამენტი შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა, დიდი ალბათობით, დღეს ამ მოწვევის პარლამენტისთვის ბოლო სხდომა იყო.

“მოგეხსენებათ, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტი, შეიძლება, შეიკრიბოს. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
17 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 40-მდე კანონპროექტი და კანონპროექტთა პაკეტი დაამტკიცა. ბოლო სხდომაზე მან მიიღო ლგბტ უფლებების შემზღუდავი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი.

პარლამენტმა ბოლო სხდომაზე დაასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება. საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით, აირჩიეს უმაღლესი ინსტანციის 28-ე მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი, რომელიც ამ თანამდებობას 2025 წლის 12 ივნისიდან დაიკავებს.

პარლამენტმა მესამე, საბოლოო, მოსმენით მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება.

მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება, ზოგიერთ ოპოზიციონერს ევროპა და ევროპულობა განსხვავებულად ესმის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მმართველ გუნდს ევროპა სხვანაირად ესმის.

„მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. პარლამენტის ბოლო სხდომას არ ესწრებიან: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე, თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე, არმაზ ახვლედიანი, რომან გოცირიძე, ფრაქცია „„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია““ სრული შემადგენლობით და პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ სრული შემადგენლობით.

ამასწინათ ერთ-ერთ უცხოელ კოლეგასთან მქონდა საუბარი და ასეთი ტერმინი გამოიყენა, „პროევროპული ოპოზიცია“. შემდეგ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, თუ ეს არის ევროპა, რომ სამსახურში არ უნდა იარო, მომავალ პარლამენტში მანდატი სთხოვო ხალხს და მანდატი, რომელიც ახლა გაქვს, იმას არ ახორციელებდე, მაშინ ჩვენ და ის უცხოელი კოლეგა ვერ ვთანხმდებით, რა არის ევროპა. ჩვენ სხვანაირად გვესმის ევროპა. ჩვენ ევროპა გვესმის ისე, რომ ადამიანმა საქმეს უნდა მოახმაროს ის მანდატი, რომელიც მოქალაქეებმა მისცეს, ხელფასი, რომელსაც მოქალაქეებისგან იღებს ამ მანდატის განხორციელებისთვის. როგორც ჩანს, ზოგიერთ ოპოზიციონერს სხვა წარმოდგენა აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button