მნიშვნელოვანი

მედიასაშუალებები პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებაზე განცხადებას ავრცელებენ

კომერციული ტელე-რადიო მაუწყებლები და სხვა მედიის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებსა და ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათთვის მიუღებელია ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი ხორციელდება, ისევე როგორც მიუღებელია მედიისა და სამოქლაქო სექტორის წარმომადგენლები „პოლიტიკურ აქტივად” მოიხსენიებოდეს.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი, რომელიც განცხადების ერთ-ერთი ხელმომწერია უცვლელად გთავაზობთ განცხადების შინაარს:

“18 იანვარს 60-მდე მედიაორგანიზაციამ, საქართველოში მოქმედმა ტელე, რადიო, ონლაინ და ბეჭდურმა გამოცემებმა, გაავრცელა ერთობლივი მიმართვა და მოუწოდა პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაეჭირათ
,,მაუწყებლობის შესახებ კანონში” დაგეგმილი ცვლილებებისთვის.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მედია კვლავ ერთსულოვანია და საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებების თაობაზე მედიაში უპრეცენდენტო კონსესუსი არსებობს.

საჭიროდ ვთვლით გამოვეხმაოუროთ 16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური შტურმი ხორციელდება. ჩვენთვის მიუღებელია კანონის მოწინააღმდეგე მედიისა და სამოქლაქო სექტორის წარმომადგენლები ,,პოლიტიკურ აქტივად” მოიხსენიებოდეს, მიუღებელია მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე სიტყვა ეზღუდებოდეს მედიის წარმომადგენელს.

კანონპროექტის განხილვის პროცესში მედიამაც და სამოქალაქო საზოგადოებამაც არაერთგზის წარუდგინა პარალმენტს დასაბუთებული არგუმენტები. ჩვენ, მედიის მდომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად უკვე ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი გვაქვს პარლამენტის თითოეული წევრი გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და მხარს არ დაუჭერს მაუწყებლობის შესახებ კანონის სადავო რედაქციის ამოქმედებას.

ჩვენ, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, ყურადღებით დავაკვირდებით როგორც კენჭისყრის პროცესს, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მედიაბაზარზე მიმდინარე მოვლენებს.” – ნათქვამია განცხადებაში.

მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით,საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს ცვლილებების 2 ნაწილზე გადაუგზავნა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციული რეკლამის ეთერში განთავსების უფლებას მიიღებს, ეს კერძო ტელეკომპანიების შემოსვლებს შეამცირებს, რაც დამოუკიდებელ მედიას დარტყმის წინაშე დააყენებს. მოტივირებული შენიშვნების მეორე ნაწილი კი შესყიდვების საკითხს ეხება.

რამდენიმე დღის წინ,მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ხმაურით დასრულდა.კობახიძემ განაცხადა, რომ შესყიდვების ნაწილში, კერძო მაუწყებლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში არიან.

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლის ტენდენციებზე რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ტყუილში დაადანაშაულა და დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ჯანგირაშვილმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ნინო ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ 2014 წლამდე მაუწყებლების მიერ მიღებულის სარეკლამო შემოსავლები იზრდებოდა, ამ წლიდან კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა. პარლამენტის თავმჯდომარე საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და აღნიშნავდა, რომ ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი იტყუებოდა.

19 თებერვალს, უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი ხმას მისცემს ვეტოს დაძლევას,” როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვეტოს დაძლევას მხარს უმრავლესობის მხოლოდ 4 დეპუტატი არ უჭერს.

“ჩვენი მიზანია, მედია გაძლიერდეს ზოგადად, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე კერძო მაუწყებლები. ამას უზრუნველყოფს თითოეული ის ნაბიჯი, პრაქტიკული თუ საკანონმდებლო, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგმება. ვეტო იქნება დაძლეული უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად. თავისუფალ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დადგება, შესაბამისად, უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი ხმას მისცემს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისები შეეხება იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. მათ შეეძლებათ საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვა. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, ისინი მხარს დაუჭერენ ვეტოს დაძლევას. მხარს არ უჭერს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 4 დეპუტატი, სხვები მხარს დაუჭერენ,” – განაცხადა კობახიძემ.

გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს თუ მორიგ ვეტოს დაძლევს, რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო ხვალ,21 თებერვალს გამოაცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button