მედიის წარმომადგენლები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ
ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხვალ, 10 ივლისს, 10:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” ინიციატივით პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც ტელემაუწყებლები, რადიომაუწყებლები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
“ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს და მისი მიღება უდიდეს ზიანს მიაყენებს მედიაგარემოს.
დარგობრივ კომიტეტში განხილვის პროცედურის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაიწვიოს ინიციატივა, ასევე მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას კანონპროექტის დამტკიცება.”-ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტით, რომლის ავტორებიც არიან მთავრობის ადმინისტრაცია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განსაზღვრულია, რა შემთხვევაში შეუძლია კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა მაუწყებლებში.
კახი ბექაურის, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კანონპროექტს მკვეთრი განცხადებები და შეფასებები მოჰყვა მაუწყებლების ხელმძღვანელებისგან,იურისტებისგან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებს მყისიერი ჩარევისაკენ მოუწოდებენ. მედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ კანონპროექტით საბჭოთა ცენზურა ბრუნდება.