პოლონეთი ზოგიერთი ქვეყნისთვის და საქართველოსთვისაც უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას აპირებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.
ეს განცხადება მან პოლონეთის პარლამენტში მიგრაციაზე საუბრისას გააკეთა, რის შემდეგაც, დონალდ ტუსკის მთავრობამ პარლამენტში ნდობის საკითხზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა მოიგო.
“ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. […] დიახ, ეს ჩემი მიზანიც არის – კარგად ვიცი, რომ ქართველების დაახლოებით მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რა არის პრობლემა.
საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება – ბოდიშს ვუხდი ქართველებს, რომლებიც შეიძლება განაწყენებულები იყვნენ – ზოგადად, მე ვარ იმ ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მტკიცე მომხრე, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, ან ავტორიტარული ხელისუფლების კუთხით, ან საიდან მიგრაციაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში კანონისა და წესრიგისთვის.”, – თქვა მან.
დონალდ ტუსკმა გამოსვლისას მიგრაციაზე საუბრისას ისიც თქვა, რომ პოლონეთის მთავრობა ყოველდღიურად ახორციელებს კრიმინალში ეჭვმიტანილთა დეპორტაციას.
“ბოლოს, 4 დღის წინ, 50 ქართველი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ კრიმინალურ საქმიანობაში, პოლონეთიდან იქნა დეპორტირებული”, – დასძინა მან.
მიმდინარე ზაფხულს პოლონეთი სავარაუდოდ აპირებს ნაწილობრივი კონტროლი დააწესოს გერმანიასთან საზღვარზე, თუკი გაგრძელდება მიგრანტების რაოდენობის ზრდა. ამის შესახებ პოლონელ კანონმდებლებს პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განუცხადა.
ტუსკის ლიბერალურ მთავრობას ნაციონალისტური ოპოზიცია ბრალს სდებს იმაში, რომ ის გერმანიის მიერ ევროკავშირის წესების შესაბამისად უკან გამობრუნებულ ბევრ არალეგალურ მიგრანტს იღებს. მთავრობა აცხადებს, რომ ასეთი მიგრანტების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია.
ტუსკმა აღნიშნა, რომ გერმანიიდან უკან გამობრუნებული მიგრანტების თითოეული ჯგუფი საგულდაგულოდ შემოწმდება:
„თუკი ვითარება საზღვარზე გაუარესდება… უკან არ დავიხევ გადაწყვეტილების მიღებისგან და დავაწესებ დროებით კონტროლს. როგორც ჩანს, ამ ზაფხულს დავაწესებთ ნაწილობრივ კონტროლს გერმანიასთან საზღვარზე“.
„ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლონეთის მომავლისთვის, ჩვენი ცივილიზაციის მომავლისთვის არალეგალური მიგრაცია“ – უთხრა ტუსკმა პარლამენტარებს.
ტუსკმა აგრეთვე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ზოგიერთი ქვეყნისთვის, რომლის მოქალაქეებიც დაკავშირებული არიან პოლონეთში დანაშაულებრივ შემთხვევებთან, მაგალითად – საქართველოსთან.
პოლონეთი აცხადებს, რომ 2021 წლიდან ის ბელარუსისა და რუსეთის მიერ წახალისებული მიგრანტთა კრიზისის წინაშე დგას. ორივე ქვეყანა უარყოფს ბრალდებას.