მედიკამენტებზე დანახარჯების 25-30%-ით შემცირება შესაძლებელია – ფარმაცევტთა ასოციაცია
სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, მედიკამენტებზე დანახარჯების 25-30%-ით შემცირება შესაძლებელია. ასე ფიქრობენ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციაში და ამბობენ, რომ პრობლემების გადაჭრაზე მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ.
ასოციაციის მოლოდინით, სწორი მიდგომა მედიკამენტებზე დანახარჯებს წელიწად-ნახევარში 15%-20%-ით შეამცირებს. თუ ამას დაემატება, რომ პოლიფარმაციას ელექტრონული რეცეპტებით, გაიდლაინებით შევებრძოლებით, ასოციაციის პროგნოზით, 3-4 წლის განმავლობაში მედიკამენტებზე დანახარჯები შეიძლება 25%-30%-ით შემცირდეს.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში (GHG)კი საკითხს სხვაგვარად აფასებენ. მათი განმარტებით, ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმს შორის გარიგების საფუძველზე მედიკამენტების არამიზნობრივად გამოწერის რისკი არაჰოლდინგური სტრუქტურების შემთხვევაში არსებობს. ჯანდაცვის ჯგუფში განმარტავენ, რომ ამჟამად ფარმაცევტული კომპანიები ჰოლდინგური სტრუქტურების ქვეშ ოპერირებენ და ამ სტრუქტურის შინაარსიდან გამომდინარე, არ შეიძლება მედიკამენტის არამიზნობრივად და არაეთიკურად გამოწერა.
კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, მედიკამენტებზე მაღალ დანახარჯებს მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობა განაპირობებს, რადგან შედარებით იაფი გენერიკული და სხვადასხვა ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ.
სააგენტომ 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ თავისუფალი არჩევანისა და ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტი 2016-2020 წლებში დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს და ამავე დროს იდენტურ სამკურნალო ეფექტს მიიღებდა.
დღეს პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა, რომ მედიკამენტების ფასები უპრეცედენტოდაა გაზრდილი.მთავრობა ფარმაცევტული ბაზრის კონტროლს ევროპული სტანდარტებით გეგმავს.