მედვედევი საქართველოს დაემუქრა-არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ რუსეთი არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შეიერთებს.
მედვედევის პროპაგანდა საქართველოში ომთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს ემთხვევა. კერძოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ომი არ იქნებოდა “რომ არა სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები”.
მედვედევი ამის შესახებ სტატიაში საუბრობს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საიუბილეო თარიღიდან 3 დღით ადრე გამოაქვეყნა და რომელშიც 2008 წლის შემდეგ მოვლენებსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობს.
“დარწმუნებული ვარ, 15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ქცევა. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის განმეორება.
ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებით გადავჭრათ პრობლემები, თუმცა, თუკი ჩვენი შეშფოთება რეალურ სახეს მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავაც პოპულარულია და სავსებით შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს”, – აცხადებს მედვედევი.
მედვედევი სტატიაში საუბრობს “გაკვეთილებზე”, რომლებიც მისი აზრით, დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც ვერ “ისწავლეს”. ამ კონტექსტში ის NATO-ს ახსენებს და ამბობს, რომ ალიანსი “კიევის რეჟიმის ხელით” რუსეთის წინააღმდეგ “სისხლიან ომს” ახორციელებს.
მედვედევი წერილში ხაზს უსვამს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში შეიმჩნევა რუსოფობია და ამბობს, რომ “რუსოფობების ბოლოდროინდელი გამოსვლები საქართველოში მიუთითებს, რომ ეს საზოგადოება კვლავ ფიქრობს რევანშზე” და ამტკიცებს, რომ “ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის რუსეთთან მშვიდად ცხოვრება უფრო კომფორტულია”.
“საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ჩვენს სახელმწიფოსთან მშვიდად ცხოვრება. რუსეთი ახლოს არის, ამერიკა – საზღვარგარეთ. საქართველოსთვის, უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყნისთვის, რომელიც ათასობით ძაფით არის დაკავშირებული რუსეთთან, რუსოფობია არის სისულელე, სიმახინჯე, მძიმე ავადმყოფობა. საბედნიეროდ, ის სრულიად განკურნებადია”, – წერს მედვედევი სტატიაში
მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აცხადებს, რომ „დასავლეთისთვის მოვლენების ასეთი განვითარება იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო”.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თავი აარიდა რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებას. “ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს იცავს, თუმცა ეროვნულ დონეზე შეზღუდვები არ დააწესა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.