მედვედევის განცხადება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი წერილობით ავრცელებს გამოხმაურებას დმიტრი მედვედევის მუქარაზე. რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ რუსეთისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.
აგვისტოს ომის 15 წლისთავზე დიმიტრი მედვედევის განცხადება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარშია ნათქვამი.
„2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.
ამასთან, როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და მშიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას.
მედვედევის განცხადებას დღეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეც გამოეხმაურა. მედიასთან კომენტარში მან თქვა, რომ ეს “კატეგორიულად მიუღებელი განცხადებაა” და რომ “საქართველო ვერასდროს, ვერცერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის”. მედვედევის მუქარაზე დღეს კომენტარი გააკეთა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმაც, დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა. მან თქვა, რომ „ამ რესპუბლიკების“ რუსეთის ფედერაციასთან მიერთებით შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაფუჭდეს, საქართველოში კი „რადიკალებს“ გაუმყარდეთ აზრი, რომ მოსკოვი „აგრესორია“.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია, ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს“.