მედვედევის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებაზე საქართველოს მხრიდან მკაცრი რეაქცია ექნება
მედვედევის განცხადებას ოპოზიციაშიც მოჰყვა კრიტიკა

“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წამოსული დეპუტატი და ხალხის ძალის წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავს განცხადებას საქართველოს მხრიდან მკაცრი რეაქცია ექნება, თუმცა “ეს არ შეცვლის ხელისუფლების პოზიციას, რომ არ დაუშვებს საქართველოს უკრაინიზაციას”.
მაჭარაშვილის თქმითვე, უკრაინაში ომს ბევრი სახელმწიფო თავისი ინტერესებისთვის იყენებს, რასაც “უკრაინელი ხალხი და უკრაინის სახელმწიფო ეწირება”.
“ხაზგასმით ვამბობ, იქნება ეს რუსეთის ფედერაცია თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რა თქმა უნდა, აქედან ჩვენ გვექნება მკაცრი რეაგირება მაგრამ ეს ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რასაც ჰქვია, რომ ჩვენ აქ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. პირდაპირ ხაზგასმით გეუბნებით, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ომში არსებულ პროცესებს ბევრი სახელმწიფო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს, რასაც ეწირება უკრაინელი ხალხი და თვითონ უკრაინის სახელმწიფო”, – თქვა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის წევრი პარტია “ქართული ოცნებიდან”, მიხეილ სარჯველაძე, ამბობს, რომ საქართველო გააგრძელებს ქვეყნის დეოკუპაციის მშვიდობიან პოლიტიკას. ასე უპასუხა მან ხელისუფლების სახელით რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, დმიტრი მედვედევის, იმ განცხადებას, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთებაზე.
“ეს ერთმნიშვნელოვნად არის კატეგორიულად მიუღებელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. იმავდროულად, ჩვენ ვიცით არსებული ვითარება, არსებული კონტექსტი და საქართველოს მიერ არჩეული პოზიციაც.
საქართველო ვერასდროს, ვერცერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და ჩვენ ურყევად გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის… რეაგირება ამასთან დაკავშირებით გახლავთ კიდევ მეტი ერთგულება, მეტი ინტენსივობა გაცხადებული პოლიტიკისა, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის მშვიდობიანი ხერხებისა და გზების გამოყენებას”, – თქვა სარჯველაძემ.
მედვედევის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ერთადერთო სწორი გზაა – ჩვენ რუსეთს საშუალებას არ ვაძლევთ, რომ ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს, – ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას.
ქადაგიშვილი ამბობს, რომ მედვედევის განცხადება პროვოკაციაა და მას საქართველო მშვიდად უნდა შეხვდეს.
„ეს არის მუქარა, შანტაჟი, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის მუქარა და შანტაჟი და ჩვენ ჩვენს პოლიტიკას აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით გავაგრძელებთ, როგორც ამას ვახორციელებთ. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ინტეგრაციის და დაახლოებით გაგრძელდება საქართველოს პოლიტიკა ამ ორ რეგიონთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არჩევანს, ეს არჩევანი საქართველოს დიდი ხანია გაკეთებული აქვს და გამომდინარე აქედან ამ არჩევანის ერთგულები ვართ. ჩვენ ვხედავთ თუ რა მძიმე მემკვიდრეობა აქვს საქართველოს ოკუპაციიდან გამომდინარე და მედვედევის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანა ააცილოს მაქსიმალურად ასეთი ტიპის მუქარებისგან და შანტაჟისგან, არის ერთადერთი სწორი გზა, რითაც საქართველო აგრძელებს განვითარებას.
იმ პოლიტიკით რასაც 10 წელია ვატარებთ, არ ვაძლევთ რუსეთის ფედერაციას საშუალებას, რომ ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს, ჩვენ ამ პოლიტიკით საქართველოს ავაცილეთ და შემდეგშიც ავაცილებთ ამ განცხადებაში გამოთქმულ საფრთხეებს. კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით და გავაგრძელებთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც სწორედ ამ პროვოკაციების განხორციელების საშუალებას არ აძლევს რუსეთის ფედერაციას,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.
რუსული დაკვეთაა საქართველოს საერთაშორისო იზოლირება, რომ პუტინისთვის ადვილი ნადავლი გახდეს – პუტინმა თუ გადაწყვიტა საქართველოში შემოვიდეს, მაჭარაშვილის “კუდის ქიცინის” გამო იტყვის უარს?! – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე იმ ფაქტს, რომ ათენის სამიტს, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართა, ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
ის აქვე გამოეხმაურა დიმიტრი მედვედევის განცხადებას და აღნიშნა, რომ აქაც ჩანს, რა მოუტანა საქართველოს “კუდის ქიცინის ” პოლიტიკამ.
“საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება (ათენის სამიტთან დაკავშირებით) არის იმ მავნებლური ხაზის გაგრძელება, რასაც “ქართული ოცნება” ატარებს. რუსული დაკვეთაა საქართველოს დისტანცირება ყველა საერთაშორისო ფორუმიდან, მისი იზოლირება, რომ პუტინისთვის ადვილი ნადავლი გახდეს. ეს არის გეგმა – საქართველო პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე. როგორც 1921 წელს მოახდინა რუსეთმა ოკუპაცია, ისე რომ მოკავშირე არ გვყავდა, ასეთივე სცენარით უნდათ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფა. ჩვენ ვაფრთხილებდით მოქალაქეებს, რომ მიმდინარეობს შეთქმულება ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამას ვხედავთ ახლა ჩვენ.
ეს (საგარეო უწყების განცხადება) არის სპეკულაცია, ისევე, როგორც მაჭარაშვილი საუბრობდა უცხო ქვეყნების ინტერესებზე და არასდროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს რუსეთზე, როგორც დამნაშავის, ბავშვების მკვლელზე. საქართველო თუ პარტნიორების გარეშე დარჩება, ადვილი ნადავლი გახდება რუსეთისთვის და ამაზე მეტყველებს მედვედევის დღევანდელი განცხადებაც. რა მოგვიტანა “ქართული ოცნების” კუდის ქიცინის პოლიტიკამ? მედვედევმა რა არ თქვა, რომ აფხაზეთს შეიერთებს? მაჭარაშვილი რომ ამბობს, უკრაინიზაციას არ დავუშვებთო, უკრაინელებს უნდოდათ ომი?! უკრაინელები შეიჭრნენ მოსკოვში?! მათი განცხადებები მაგონებს წყალში ნაფოტზე მყოფ ჭიანჭველებს – ჰგონიათ რომ პროცესს რაღაც მიმართულებას აძლევენ. ასეთია მაჭარაშვილის განცხადებაც, რომ ომის აცილება შეუძლია. ვინ ეკითხება მაჭარაშვილს – პუტინი ეკითხება მაჭარაშვილს?! თუ გადაწყვიტა საქართველოში შემოვიდეს, მაჭარაშვილის კუდის ქიცინის გამო იტყვის ამაზე უარს?! თავისუფლების გარანტი დასავლელი პარტნიორები არიან, ვისგანაც დისტანცირებას ყოველდღიურად ახდენს ე.წ. ქართული ოცნება, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ინტერესს საქართველოში,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
რუსეთი ორი საუკუნეა ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას, ისტორიას ვერც მედვედევი და ვერც სხვები გადაწერენ და სამწუხაროა, რომ საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ნაცვლიშვილის თქმით, მსგავს განცხადებებზე მყისიერი პოზიციონირებაა საჭირო საქართველოს სახელმწიფო უწყებების და ოფიციალური თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც როგორც წესი ასეთ დროს დუმილს არჩევენ, თუმცა მყისიერად ეხმაურებიან დასავლელი პარტნიორების განცხადებებს.
“პირველ რიგში ამ განცხადებას ძალიან სწრაფად და ძალიან მკაფიოდ უნდა ეხმაურებოდნენ ოფიციალური უწყებები და ველოდები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, ისე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებს, რადგან ასეთ ვითარებაში ჩვენ როგორც წესი ვხედავთ გაჩუმებულ “ქართულ ოცნებას”, რომელიც დასავლეთის ნებისმიერ მეგობრულ და პარტნიორულ განცხადებას ამ განცხადებისგან განსხვავებით მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე. ახლა მაინტერესებს სად არის სახელმწიფო უწყებების და “ქართული ოცნების” მყისიერი პოზიციონირება ამ ყოვლად მიუღებელ განცხადებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება თარიღებს, შევახსენებ რუსეთს და მის თითოეულ წარმომადგენელს, რომ რუსეთი ორი საუკუნეა ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და ისტორიის გადაწერის მცდელობა, რომ თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ 2008 წელს დაიწყო, ან 90- იან წლებში, არის რუსული პოლიტიკის ხელწერა, თუმცა, მსოფლიომ კარგად იცის ამ ისტორიის დასაწყისი და ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროკავშირი საერთოდ არ იყო შექმნილი, როცა რუსეთი ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელიც გააუქმა კიდეც საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან ერთად. ეს არის მოცემულობა, რომელსაც მედვედევის და სხვების ვერც ერთი განცხადება ვერ გადაწერს. საქართველოს აქვს არჩეული ევროატლანტიკური კურსი და ძალიან სამწუხაროა, რომ ისტორიის ამ მომენტში საქართველოს და რუსეთის სპიკერების განცხადებები საგანგაშოდ და სამარცხვინოდ ემთხვევა ერთმანეთს,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
15 წლის წინ, 2008 წლის 26 აგვისტოს, სწორედ მედვედევმა, რომელიც მაშინ რუსეთის პრეზიდენტი იყო, მოაწერა ხელი განკარგულებებს საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.