მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში სოციალურ ქსელში ВКонтакте, 2 აგვისტოს გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს. ამჟამად ჩანაწერი აღარ იძებნება. რუსული მედიის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევის სოცქსელი გატეხეს.
რომლის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფო“ და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც „რუსების გენოციდია“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.

მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის პოსტის „სქრინშოტი“ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა

რაც შეეხება თავად პოსტს, რომელიც დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში მისი სახელით გამოქვეყნდა, ის რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფაროვებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. ამავე პოსტში საქართველო რუსეთის ისტორიულ ნაწილად არის მოხსენიებული.

„არავის არ უნდა დარჩეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორებული იქნება. არანაირი სუვერენიტეტის აღლუმები აღარ იქნება და ყველა ერი, რომლითაც დასახლებული იყო ერთ დროს დიდი და ძლევამოსილი საბჭოთა კავშირი, კვლავ ერთად მეგობრულად და ურთიერთგაგებით იცხოვრებს და ამისთვის ჩვენ არ დავიშურებთ არც ძალას, არც სახსრებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ გზაზე მოძრაობა კიევისა და მალოროსიის გათავისუფლების შემდეგ ნაციონალისტების „ბანდისგან“, რომლებიც ქადაგებენ მათ მიერ მოგონილ უკრაინელობას, რუსეთი კვლავ ერთიანი, ძლევამოსილი და დაუძლეველი იქნება. ამის შემდეგ ერთიანი რუსეთის სახელით, სლავი ერის მეთაურობით ჩვენი საზღვრის აღსადგენად ახალ მსვლელობას მოვაწყობთ, რომელიც, როგორც ცნობილია, არსად არ სრულდება. მაგალითად, საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო – სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება- ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“,– ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.

დილით ოფიციალურ კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სოციალური ქსელი ჰაკერებმა გატეხეს და აღნიშნულ საქმეს სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გამოიკვლევს.

„ვ კონტაკტეს“ ქსელში მედვედევს 2,2 მილიონი გამომწერი ჰყავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის გვერდები სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად გააქტიურდა. მან მანამდეც გააკეთა არაერთი აგრესიული კომენტარი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ქსენია სობჩაკი ვარაუდობს, რომ დმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს. თავად მედვედევს, ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს საიტზე უცხო პირების შეღწევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პარტია “ედინაია როსია”-ს თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, განსაკუთრებულად პროვოკაციული და აგრესიული საჯარო განცხადებებით გამოირჩევა

მედვედევის განცხადება იყო გაფრთხილება საქართველოსთვის – ნაცვლად იმისა, ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობდეს დასავლურ სამყაროსთან და შესაბამის გარანტიებს იღებდეს, პირიქით, ანტიდასავლური კამპანია გააძლიერეს , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სახელით სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ განცხადებას.

ბეჟაშვილის მოსაზრებით, ეს განცხადება განზრახ იყო გავრცელებული.

“უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ვებ-გვერდს ადვილად არ ტეხენ. ეს განზრახ გაკეთებული განცხადება იყო და გაფრთხილება საქართველოსთვის, ყაზახეთისთვის და მთელი პროგრესული სამყაროსთვის მათი რეალური გეგმების შესახებ, ეს გეგმებიც არახალია. აქ მთავარია, რამდენად მომზადებულია ქვეყანა, რომ ასეთ საფრთხეებს გაუმკლავდეს და გადაზღვევა მოხდეს. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობდეს დასავლურ სამყაროსთან და შესაბამის გარანტიებს იღებდეს, ვხედავთ, რომ პირიქით ანტიდასავლური კამპანია გააძლიერა „ქართულმა ოცნებამ“, რაც ამ საფრთხეებს კიდევ უფრო ზრდის”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ჩვენ ვიცით განცხადება გაკეთდა, რომ ჰაკერებმა გაუტეხეს მედვედევს გვერდი – არ ვიცი გაუტეხეს, მთვრალმა დაწერა თუ რაღაც სხვა და შესაძლოა, მართლაც ვინმემ გაუტეხა და დაუწერა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც ამ განცხადებაში კომპაქტურად და კიდევ უფრო მკვეთრად წერია, ყველაფერი ეს, პუტინს, მედვედევსა და მათ პროპაგანდას სხვადასხვა ეტაპზე ნათქვამი აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სახელით გამოქვეყნებულ „პოსტთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულში სიახლე არაფერი არ არის.

„ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ამ განცხადებაში გინდა ყალბი იყოს და გინდა არა, შეკრულია ყველაფერი. რეალურად ეს არის ის სულისკვეთება, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს და რის გამოც ის ჩვენი ქვეყნის, სხვა მეზობლების და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების თავისუფლებისთვის, სახელმწიფოების არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამაში სიახლე არაფერი არ არის. უკრაინაში აგრესიის წინ, იგივე იყო. მათი პროპაგანდა წლებია სწორედ ამ ხაზს აწვება, რომ ჩვენ არ ვარსებობთ. ცოტახნის წინ თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ თქვა, რომ საბჭოთა კავშირი აღდგებაო“, – განაცხადა ბოკერიამ

2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების დროს, დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მან საქართველოს ორი ტერიტორია – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button