მნიშვნელოვანისიახლეები

„მეგობარი აქტი“ არის არამეგობრული კანონპროექტი და ხალის ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს,,-კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა „მეგობარი აქტი“ არის არამეგობრული კანონპროექტი, რომელიც „დიფ სთეითის“ ზრახვებს ასახავს.

როგორც კახა კალაძემ დღეს მედიასთან საუბრისას განაცხადა, „მეგობარ აქტს“ ხალის ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „მეგობარ აქტს“ ხალთან და ხალხის ინტერესთან აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ქართველი ხალხის უმრავლესობის საბედნიეროდ, არის უმცირესობაში. აგენტურა და მოღალატეები ვერ იქნებიან უმრავლესობაში. ყოველთვის იქნებით იქ, სადაც იმყოფებით და კიდევ უფრო ქვემოთ. მაგრამ მე, როგორც დედაქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ ჩემი ქვეყნის, თუნდაც ერთი რიგითი მოქალაქე იმ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ახლა რადიკალური დაჯგუფებები იმყოფებიან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ არამეგობრულ კანონპროექტს, ეს არის „დიფ სთეითის“ ზრახვები. მათ არ მოეწონათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და ყველანაირი მეთოდით, ყველანაირი სიბინძურით, ტყუილითა და არასამართლიანი დამოკიდებულებით ებრძვიან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის გამარჯვებული იქნებიან, რადგან სიმართლე საქართველოს მხარესაა.

„პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ვგულშემატკივრობთ და ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, თუ ვერ მოახერხებს, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ საქართველოს დაცვას და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, ისევე, როგორც არ მიეცა ამ დრომდე, რომ საქართველოს ინტერესები თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნა მერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პრაგმატულმა პოლიტიკამ ქვეყანას გრძელვადიანი მშვიდობა მოუტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უკრაინაზე უფრო უბედურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო

MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.

მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას – საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.

ანგარიშგება და სანქციები – არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.

რუსეთის სადაზვერვო აქტივები – საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.

სანქციები ქართველ პირებზე – იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის:

მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე;
გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
ეკონომიკური პაკეტის შემუშავება;
უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.

„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს – საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე – დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მსგავსი შინაარსის აქტი – „ქართველი ხალხის აქტი“ – შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button