მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ში უკრაინაში მიმდინარე ომის “გაყინვის” შესაძლო სცენარებს განიხილავენ

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები გეგმავენ ნაბიჯებს იმ მზარდი შესაძლებლობის გათვალისწინებით, თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გადავა “გაყინული კონფლიქტის” მდგომარეობაში და მრავალი წლის, შესაძლოა ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდეს. როგორც გამოცემა Politico ხუთშაბათს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს სიტუაცია შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსი იმისა, რაც კორეის ნახევარკუნძულზე სუფევს.

კონფლიქტის გრძელვადიანი “გაყინვის” შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ განხილულ ვარიანტებს შორის არის ასევე საკითხი იმის თაობაზე, თუ სად გაივლის გამყოფი ხაზი, რომელსაც უკრაინა და რუსეთი შეთანხმდებიან, რომ არ გადაკვეთენ, მაგრამ, რომელიც არ იქნება ოფიციალური საზღვარი. გამოცემის თანახმად მსგავსი ხასიათის წინასწარი განხილვები, თეთრ სახლში და სხვადასხვა ამერიკულ სახელმწიფო უწყებაშიც მიმდინარეობს.
“გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვემზადებით, მიუხედავად იმისა, ეს [ომი] გაიყინება თუ გალღვება”, – განუცხადა Politico-ს ანონიმურმა წყარომ.

განსახილველი სცენარი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე რეალისტური, იმის გათვალისწინებით, რომ არც კიევი და არც მოსკოვი არ არიან მიდრეკილნი იმისკენ, რომ ოდესმე აღიარონ დამარცხება. ხოლო აშშ-ის ადმინისტრაციაში იზრდება იმის განცდა, რომ, როგორც სტატიაშია ნათქვამი, მომავალი უკრაინული კონტრშეტევა ვერ მიაყენებს რუსეთს სასიკვდილო დარტყმას.

ბაიდენის ადმინისტრაციაში მიმდინარე განხილვების შესახებ ინფორმირებულმა ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ გრძელვადიანი დაგეგმვა ახლა სულ უფრო მეტად არის თეთრი სახლის ყურადღების ცენტრში, მაშინ როდესაც გასულ თვეებში ყველაფერი გადაუდებელ და მოკლევადიან ამოცანებთან იყო დაკავშირებული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სჯერა უკრაინის არმიის წარმატებისა. “მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა ბრძოლის ველზე… რათა არ მოხდეს სტაგნაცია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტის გაყინვა”, – მოჰყავს ზელენსკის სიტყვები სააგენტო „უნიანს“.

ამავე დროს, უკრაინის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ომის “გაყინვა” მხოლოდ რუსეთს მისცემს „დასვენების და უკრაინის მიწაზე უკვე განადგურებული არმიის მომზადების დროს“.

ამავე წყაროს თქმით, წინა თვეებში ბაიდენის ადმინისტრაციის ფოკუსი “სასწრაფოსა და მოკლევადიან პერსპექტივაზე” იყო.

გამოცემის ცნობით, ასეთი საუბრები ადრეულ სტადიაშია რჩება და აშშ-ის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ომი კიდევ რაღაც დრო დარჩება აქტიურ ფაზაში, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღისა და სხვა დახმარების გაგრძელებას გეგმავს, რათა რუსეთისგან რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიბრუნონ.

გამოცემის კიდე ერთი წყაროს ცნობით, ბევრი შესაძლო გეგმა განიხილება, მაგრამ ვითარება ცვალებადი რჩება და ერთადერთი სანდო პროგნოზი იმაზეა, რომ რუსეთი უკრაინას ვერ დაიპყრობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button