მელიამ სახალხო დამცველის რწმუნებულს პოლიციელის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

სახალხო დამცველის ცნობით, ომბუდსმენის რწმუნებული გლდანში დაკავებულ სამივე ოპოზიციონერს შეხვდა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული ნიკა მელიამ სახალხო დამცველის რწმუნებულს პოლიციელის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წარმომადგენლების, ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას „სავარაუდო უფლებადარვევის ფაქტების შესწავლას“.
“სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას 3 პირი დააკავეს. საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს დაკავებულთა სავარაუდო უფლება დარღვევის ფაქტების შესწავლას”, – აღნიშნავენ აპარატში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიას უთხრეს, რომ „სახალხო დამცველის შეტყობინებაზე რეაგირება მოხდება“ და უწყების გამომძიებელი დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდება.
ომბუდსმენის ცნობითვე, მელია, კუპრავა და დოლიძე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
მელია, დოლიძე და კუპრავა პარასკევს, 22 სექტემბერს, ღამის საათებში დააკავეს გლდანში, სადაც ისინი თანაპარტიელის, საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად მივიდნენ.
ეძგვერაძეს ცოტა ხნით ადრე ფიზიკურად გაუსწორდნენ – როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, დაახლოებით, 30-ზე მეტი ადამიანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამას უკავშირებს ეძგვერაძის დაპირისპირებას საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატ კოტე ზარნაძესთან. ეძგვერაძე ზარნაძეს სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
როგორც ეძგვერაძემ თქვა, ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გვერდით იდგნენ 2020 და 2021 წლების არჩევნებზე. „იარაღით როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არჩევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში“, – აღნიშნა ეძგვერაძემ.
საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
მელია, დოლიძე და კუპრავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.
რაც შეეხება ეძგვერაძეზე ძალადობას, შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კოლეგაზე თავდასხმაში მონაწილეებისა და ორგანიზატორების დაკავებასა და ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვენ.
ლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათაბოთ ადამიანი დაესხა თავს.
ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.
მომხდარის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ, რომლებიც პოლიციამ დააკავა. დაკავებულები არიან ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა. არსებული ინფორმაციით, ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.