მელიას თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება ბარიერს ლახავს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება ბარიერს ლახავს.
მისივე თქმით, ქართულ ოცნებას აქვს 40%-ზე ნაკლები და საპარლამენტო უმცირესობაშია.
“ქართული ოცნება არის 40%-ს დაბლა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის არის საპარლამენტო უმცირესობაში. ოთხივე მსხვილი გაერთიანება, ჯგუფი ლახავს ბარიერს, რაც მისასალმებელია და ვულოცავ თითოეული მათგანის ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს. […] მთავარია, რომ ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება ლახავს ბარიერს.
ათასობით ჩვენი კოალიციის, სხვა კოალიციების დამკვირვებლები, წარმომადგენლები ახლა იბრძვიან ქართველი ხალხის არჩევანის დასაცავად, მათ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ ძალიან უთანასწორო პირობებში ქართველი ხალხის არჩევანის დაცვა და მადლობა აბსოლუტურ უმრავლესობა მათგანს, რომ არ აყვნენ ქართული ოცნების პროვოკაციებს.”, – თქვა ნიკა მელიამ.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ “ოცნება” მარცხდება:
“ამის თქმა მინდა დიდი ხანია – ოცნება დამარცხდა, ეგენი გადადიან ოპოზიციაში, ყველა წინასწარი მონაცემი რომელიც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს, რომ ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს და შესაბამისად, ჯამში ჩვენ შევქმნით უმრავლესობას მომავალ პარლამენტში და შემდეგ დავაკომპლექტებთ მთავრობას. ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ გამოცხადება არის ძალიან მაღალი, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო. ჩვენ უნდა გავიფორმოთ ჯერ ეს გამარჯვება. დარჩენილია 1 საათი, სანამ უბნები დაიხურება” აღნიშნა ჯაფარიძემ.