მემცენარეობაში ნათესი ფართობები შემცირდა
2017 წელს საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობების მოცულობა ოთხი წლის მინიმუმზე დაფიქსირდა.
საქსტატმა მემცენარეობის შესახებ 2017 წლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გასულ წელს ნათესი ფართობების მოცულობამ თითქმის 215 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც ნაკლებია არა მხოლოდ 2016 წელთან შედარებით, არამედ, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, შემცირებულია როგორც საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების, ისე – საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები.
საანგარიშო პერიოდში შემცირებულია ქერის, სიმინდის, კარტოფილის ასევე ბოსტნეულის ჯამური წარმოება. რაც შეეხება მრავალწლიან კულტურებს, ყურძნის წარმოება გაიზარდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით და შეადგინა დაახლოებით, 167 ათასი ტონა ყურძენი, მაგრამ 2014-2015 წლებში უკეთესი მოსავალი იყო.
ამასთან, 2017 წელს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ცოტა იყო ციტრუსის წარმოებაც – სულ დაახლოებით, 58 ათასი ტონა.
დაახლოებით, 75 ათასი ტონით ნაკლები იყო 2017 წელს ხილის მოსავალი და შეადგინა, დაახლოებით, 111 ათას 800 ტონა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ეთანხმება საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ამიტომ მენეჯმენტთან სამუშაო შეხვედრას და ინფორმაციის გაცვლას გეგმავენ.