მენდელეევის პერიოდულ სისტემაში 4 ახალი ელემენტის სახელწოდება შეიტანეს [Video]

ამიერიდან მოსწავლეებს კიდევ 4 ქიმიური ელემენტის სახელწოდების დამახსოვრება მოუწევთ.

თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა მენდელეევის პერიოდული სისტემის ელემენტების სახელწოდებები, რომელთა რიგითი ნომრებია 113, 115, 117 და 118.
როგორც ცნობილია, 4 ახალ ზემძიმე ელემენტს, რომელიც 2002-2010 წლებში ლაბორატორიულ პირობებში იაპონელმა, რუსმა და ამერიკელმა მეცნიერებმა სინთეზის გზით მიიღეს, 2015 წელს პირობითი სახელწოდებები – უნუნტრიუმი, უნუნპენტიუმი, უნუნსეპტიუმი და უნუნოქტიუმი მიანიჭეს.

ამჟამად 113-ე ელემენტმა ნიჰონიუმის (Nh) სახელწოდება მიიღო, 115-ეს მოსკოვიუმი (Mc) დაარქვეს, 117-ეს ტენესინი (Ts), ხოლო 118-ეს კი ოგანესონი (Og).
იაპონელმა მეცნიერებმა მათ მიერ შექმნილ ელემენტს საკუთარი ქვეყნის პატივსაცემად ნიჰონიუმი დაარქვეს, რაც იაპონურ ენაზე „იაპონიას“ ნიშნავს. ელემენტმა მოსკოვიუმმა რუსეთის დედაქალაქის სახელწოდება მიიღო. რაც შეეხება 118-ე ელემენტს – ოგანესონს, მას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, იური ოგანესიანის სახელი მიანიჭეს, ხოლო ოკ-რიჯის ლაბორატორიის მეცნიერებმა 117-ე ელემენტს მშობლიური შტატის – ტენესის პატივსაცემად ტენესინი დაარქვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button