მერაბ ფერაძე და თამაზ ლობჟანიძე დააკავეს

შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

კომპანიის მენეჯმენტი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე დააპატიმრეს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ამ კომპანიას მეანაბრეების 76 მილიონი ლარი ვალი აქვს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს მერაბ ფერაძის ორგანიზებით, დარეგისტრირდა შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველო“, რომლის საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის მიღება. კლიენტთა მოზიდვის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ ანაბრის სახით ფული შეიტანა.

შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა თამაზ ლობჟანიძემ, მერაბ ფერაძის ორგანიზებით, ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა აღნიშნული თანხა, კერძოდ, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე.

ჯამში, სესხის სახით, მერაბ ფერაძეზე გაიცა მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე“ – 382 324ლარი და 108 300 აშშ დოლარი. შპს „საფინანსო კომპანია საქართველოსგან“ მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა, ამ დრომდე, დაუბრუნებელია.

ამჟამად, საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000 000 ლარს” – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიების მიერ დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძისა და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები.

ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელ სახლსა და ოფისში ჩხრეკები და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკი-ს 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელით სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას. – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 

მერაბ ფერაძე წარმოშობით ლაგოდეხიდანაა, მას საფინანსო კომპანია საქართველოს გარდა რამდენიმე ბიზნესი აქვს, წყალი და ლიმონათი “ჰერეთი” და შპს “განთიადი”, რომელიც სპორტული ღონისძიებებითაა დაკავებული.

მერაბ ფერაძეს და ამ კომპანიის სხვა თანამშრომლებს მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button