მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო განმარტებას აკეთებს
სტრანსპურგის სასამართლო ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით, მიღებულ გადაწყვეტილებაზე პრესრელიზსს აქვეყნებს.
2016 წლის 17 ოქტომბერს სასამართლოს დიდი პალატის პანელმა მიიღო მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისგან, საქმე – „ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
“განმცხადებელი, ივანე მერაბიშვილი, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1968 წელს, ამჟამად იმყოფება თბილისის საპყრობილეში; მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჩადენილი რიგი დანაშაულების, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვისა და სხვისი ქონების უკანონო მითვისების გამო.
მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს – მას ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული – წარსულში ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთის მცდელობა, გაფლანგვა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. 2013 წლის 22 მაისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის საფუძველზე, ვანო მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა იმ მოტივით, რომ არსებობდა საფრთხე, მიმალვის ან ხელს შეუშლიდა გამოძიებას. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დადასტურა 2013 წლის 25 მაისს” – ნათქვამია პრესრელიზში.
პრესრელიზში საუბარია ივანე მერაბიშვილის განცხადებაზე, რომ მისი დაპატიმრება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებას ისახავდა მიზნად, მისი დევნა კი წინასწარი პატიმრობის დროსაც არ შეჩერებულა.
“ის აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წამოწყება ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მის მოსაწყვეტად გამოიყენა, რასაც შედეგად მისი პარტიის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესუსტება მოჰყვა, გარდა ამისა მან ვეღარ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა 2013 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებზე. შემდგომში ის აცხადებს, რომ ზეწოლა გრძელდებოდა წინასწარი პატიმრობის პერიოდშიც.
“2013 წლის 14 დეკემბერს, გვიან ღამით ის ციხის საკნიდან გაიყვანეს და მთავარ პროკურორსა და ციხის ადმინისტრაციის უფროსთან შესახვედრად წაიყვანეს. ისინი დაემუქრნენ და მოსთხოვეს ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერის – ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ. შემდგომში ის აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ინციდენტის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე – 2013 წლის 17 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე შეატყობინა და მოითხოვა გამოეკვლიათ ციხის სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული მასალა, მის ბრალდებებთან დაკავშირებით ობიექტური და საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა.
ბოლოს ის ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია სისხლის სამართლის საქმეების გამო, რომლებიც ოპოზიციური პარტიის ლიდერების, მათ შორის თავად მის წინააღმდეგაა აღძრული”- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პრესრელიზში.