მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია”

გიორგი რურუა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. რურუა ოპოზიციას მოუწოდებს, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთა და საერთაშორისო მეგობრების თხოვნაა.

“მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშვნას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.

“პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე.” – აცხადებს გიორგი რურუა.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე “მთავარი არხის” მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას განცხადებას მიესალმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ გიორგი რურუა გათავისუფლება და 8 მარტის შეთანხმება შესრულდება.

“მისასალმებელია გიორგი რურუას ეს ღირსეული საქციელი. მან მსგავსი განცხადება გააკეთა დაახლოებით ერთი თვის წინ. ვიცით ჩვენ მისი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის უცვლელი: შეთანხმება უნდა შესრულდეს. ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს არც ერთი პოლიტიკური პატიმარი. საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა საერთო სახალხო კონსენსუსით, მნიშვნელოვანია. ეს პირველ რიგში, “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეიგნოს. თუ მას სჭირდება ამისთვის ჩვენი ხმები, მხარს დავუჭერთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი რურუა გათავისუფლდება, თუკი ქვეყანაში შეწყდება პოლიტიკური დევნა და იმ შემთხვევაში დავუჭერთ მხარს, თუკი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, ნორმალურ საარჩევნო რეჟიმში გადავერთვებით და არ იქნება ისეთი უმსგავსობები, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა: პოლიტიკური დევნა, დაშინება, მუქარა, მოსყიდვა და ა.შ. ამიტომ, დღეს გადაწყვეტილებას ღებულობს საპარლამენტო უმრავლესობა. ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ არა საერთაშორისო და შიდა ზეწოლა, დღეს ციხეში იქნებოდა გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი. სასამართლოს კორიდორებში ივლიდნენ ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ მიდიოდა უსამართლო პოლიტიკური დევნა.” – განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი რურუას განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკიც გამოეხმაურა. თუ რატომ შეცვალა რურუამ რიტორიკა, გიორგი ვოლსკის ამაზე პასუხი არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ოპოზიციას მისი პატიმრობაში დარჩენა აწყობს.

“არ ვიცი, რურუას რატომ აქვს შეცვლილი რიტორიკა. ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვეულებრივი პოზიცია აქვს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღების აუცილებლობას. ეს ხომ არ არის მათი პირადი ინტერესი.

“რაც შეეხება რურუას ფაქტორს ამ სიტუაციაში, მე არ მგონია, რომ კომენტარებს უნდა ვაკეთებდე ამ თემაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რურუა გარეთ, როგორც ოპოზიციური მედიამფლობელი და პოლიტიკური ლიდერი, როგორც თვითონ ასახელებენ, არ აწყობს დღევანდელ ოპოზიციას. ურჩევნია, ის იყოს იქ, სადაც არის და მუდმივად ილაპარაკონ მის პოლიტიკურ პატიმრობაზე.“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოისმინეთ გია ვოლსკის ხმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა, რომელსაც გამოძიება იარაღის უკანონო ტარება-შენახვას ედავება, ერთ-ერთია მათგან, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ოპოზიციის განცხადებით, გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, 8 მარტს ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების ამ პუნქტს “ქართული ოცნება” კატეგორიულად უარყოფს.

პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, რომელმაც პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ პატიმრობიდან გიორგი რურუაც გათავისუფლდება.

საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა “ევროპულმა საქართველომ” მიიღო, თუმცა მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

“ნაციონალურ მოძრაობა” არც ერთ კენჭისყრას არ დასწრებია.

მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა, სავარაუდოდ, ორშაბათს, 29 ივნისს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button