მესამე სექტორის საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელმოწერას კახეთში მრევლს სთავაზობენ
სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ პატრიოტთა ალიანსის მიერ მომზადებულ პეტიციას, მრევლს კახეთის ეკლესიებშიც სთავაზობენ.
გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, მამა ვაჟა სონღულაშვილის თქმით, პეტიციას თავადაც აწერს ხელს.
“ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგო საქმეს აკეთებენ, მე პირადად სიამოვნებით ვაწერ ხელს. სადაც საჭირო იქნება, კანონით გათვალისწინებულ ადგილას იქნება ამ ხალხის მოთხოვნა. ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს, თქვენც შეგიძლიათ შეაგროვოთ”, – აცხადებს მღვდელმსახური.
ინფორმაცია, ხელმოწერების შეგროვების შესახებ დღეს გავრცელდა.
პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებულ ინიციატივას, მოქალაქეები ხელმოწერით ადასტურებენ.
პეტიციაში ისინი სახალხო დამცველისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობას გამოხატავენ.
“ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, არ ვენდობით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და არ ვენდობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს: თავისუფლების ინსტიტუტი, თანასწორობის მოძრაობა, მედიის განვითარების ფონდი, ფონდი ღია საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი, კავშირი “საფარი”, კოალიცია თანასწორობისათვის, ლგბტ საქართველო, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, თბილისი პრაიდი, იდენტობა”, – ნათქვამია პეტიციაში.
ხელმოწერების შეგროვების ფაქტს, საპატრიარქო ოფიციალური განცხადებით, ჯერ არ გამოხმაურებია.