მეტრო “ვარკეთილმა” მუშაობა განაახლა
მეტროსადგურმა “ვარკეთილი” დღეს დილიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინა.
მგზავრებისთვის სადგურის კარი 06:00 საათზე გაიხსნა.
4 თვის წინ რეაბილიტირებულ სადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად გუშინ დილით პიკის საათის დროს 14 ადამიანი დაშავდა. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
მეტროში მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული 14 ადამიანიდან 13 კვლავ სტაციონარებში რჩება. ერთ-ერთი მათგანი სტაბილური მდგომარეობით, ინგოროყვას კლინიკიდან გუშინ გაეწერა.
3 პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც კოჭ-წვივის სახსრის, წვივის ძვლისა და ლავიწის ძვლის მოტეხილობების ოპერაცია ჩაუტარდათ, შედარებით რთულია. თუმცა, მიღებული ტრავმებიდან გამომდინარე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად თვლიან.
დანარჩენ დაშავებულებს ძირითადად, სხვადასხვა სიმძიმის ტვინის შერყევები აღენიშნებათ.