არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება ოცნების წარმომადგენლები დასანქცირებულები იყვნენ-ოცნება
"ქართული ოცნების" ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ ინტერესებს უპირისპირდება

საქართველოს ხელისუფლება არ იმსახურებს სანქციებს – მმართველი გუნდი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც დასავლურ ინტერესებს უპირისპირდება.
“არავის მისვლია შეტყობინება და ვერ გაგახარებთ ამ თემით ვერც თქვენ და ვერც სხვას. ამერიკის ვიზა არ მაქვს და არც შეტყობინება არ მომსვლია და თქვენი ეს სიხარული და მოლოდინი თუ გამტყუნდება, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება, ვფიქრობ, იმიტომ, რომ არც პიროვნულად და არც მთლიანად საქართველოს ხელისუფლება და არც მთლიანად ხელისუფლება არ იმსახურებს არანაირ სანქციას, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც დასავლეთის ინტერესებს უპირისპირდება ან რუსულ ინტერესებს სადღაც ითვალისწინებს,” – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სანქციებზე საუბარი არასერიოზულია და ამტკიცებს, რომ ეს კონტრპროდუქტიული პირველ რიგში მათთვისაა, ვინც ამაზე საუბრობს. მისივე თქმით, ტყუილია, თითქოს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ოჯახის წევრებმა შეტყობინებები მიიღეს აშშ-ის ვიზების გაუქმებაზე.
სანქციების ახალ პოლიტიკაზე გუშინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.
“სანქციებზე საუბარი არის არასერიოზული ჩვენთვის, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ და ყველას მინდა შევახსენო ეს ყველაფერი. აბსოლუტურად არასერიოზული თემაა, [ჟურნალისტი: მილერი ამბობს] არასერიოზულია აბსოლუტურად სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული”, – თქვა კობახიძემ.
პრემიერის აზრით, მანამდე ამერიკის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებას “0 ეფექტი” ჰქონდა და კონტრპროდუქტიული იყო.
– რეპუტაციულად არ იყო დამაზიანებელი? – ჰკითხა კობახიძეს ჟურნალისტმა, რაზეც პრემიერი პასუხობს:
“რა თქმა უნდა, ამერიკისთვის დამაზიანებელი იყო, მხოლოდ ამერიკისთვის”.
თქვენი საქმე არ არის. თუ მივიღებ გავცემ პასუხს – ასე პასუხობს “ქართული ოცნების” დეპუტატი ისკო დასენი ჟურნალისტებს შეკითხვაზე, ხომ არ მიუღია შეტყობინება აშშ-ისგან დასანქცირებისა და ვიზის გაუქმების შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გასულ ღამეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ოცნების წევრები დასანქცირებულები არიან. თუ ვინ კონკრეტულად, მეთიუ მილერი სახელებს არ ამბობს, მაგრამ აცხადებს რომ შეერთებული შტატების პოზიცია ურყევია.
პირველ ეტაპზე საუბარია სავიზო სანქციებზე, თუმცა ივანიშვილის პარტიაში ამტკიცებენ რომ ამ ეტაპზე სანქციების შესახებ შეტყობინება ამერიკის მთავრობისგან არ მიუღიათ.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს “რუსული სტილით საუბარს” ადარებს. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონის პაკეტი წარადგინა, რომლის მსგავსიც სწორედ რუსეთშია მიღებული.
“წლებია ათწლეულებია სხვადასხვა სანქციების ქვეშ ვართ ნამყოფი და მათ შორის რუსეთი არაერთხელ ცდილობდა ქართველ ხალხზე მოეხდინა გავლენა. ეს არის რუსული სტილით ქართველ ხალთან საუბარი და არ მგონია, იყოს ვინმესთვის ეს სასიკეთო, რომ ასეთი ენით ესაუბრონ ქართველ ხალხს. ამიტომ თავის მხრივ ამაზე ფიქრო და ამის გაჟღერება, არის არასწორი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობ სანქციების ენით”, – თქვა პაპუაშვილმა.
24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ “შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას იწყებს”.
კონკრეტულად ვისზე გავრცელდება სანქციები, ჯერჯერობით უცნობია.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირებულები იყვნენ.
ასევე, კახა კალაძემ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი ევროპას ეწინააღმდეგებოდეს:
“არ არსებობს ბუნებაში მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირებულები იყვნენ. სანქციებზე საუბარი არასერიოზულია, რადგან საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ისეთი, დასანქცირება რომ იყოს საჭირო. თუ საუბარი იმაზეა, რატომ მივიღეთ ეს კანონი, პარლამენტი იმისთვის არის და მოსახლეობამ იმიტომ დაუჭირა მხარი ამ ხელისუფლებას, რომ უმრავლესობით მოსული “ქართული ოცნების” პირდაპირი ვალდებულებაა კანონები მიიღოს და გაითვალისწინოს ქვეყნისა და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია და შეუძლებელია ეს ყველაფერი ევროპას ეწინააღმდეგებოდეს,” – აღნიშნავს კახა კალაძე.
თუ ისეთი სანქციებია ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სანქციები მათთან უკვე მივიდა, თუმცა რეალურად, ეს სანქციები არ არის.
“რით ვერ მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს ერთიანობაზე და სუვერენიტეტზეა საუბარი. როდესაც ისინი ამბობენ, რომ სანქციები ჯერ გზაში იყო და ახლა წესით ჩვენამდეა მოსული [ამას გვიმტკიცებს ოპოზიცია], თუ ისინი სიზმარში არიან, ჩვენ ცხადში ვცხოვრობთ და რეალურად ეს სანქციები არ არის. რაც შეეხება მომავალ ურთიერთობას, თავად ამერიკის მხრიდან იყო ეს შემოთავაზება, რომ ერთგვარად გადაიხედოს, რომ მომავალში გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, თანაბარი ურთიერთობების პირობებში”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, მაჭარაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს მათ მიიღეს “მეილი” სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ერთადერთი მესიჯი, რაც მიიღეს იყო ის, რომ ურთიერთობა მომავალში თანაბარი ურთიერთობების ფორმატში გაგრძელება.
“არაერთხელ მოვუწოდე ოპოზიციას, რომ შავი სიზმრები და ხვრელები მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ნაკურთხი წყლისთვის მიემართათ, თუმცა მათ ეშინიათ ნაკურთხი წყლის, როგორც ჩანს და ამიტომ გაგრძელდა ეს შავი ხვრელები და სიზმრები. გაიღვიძეს და მერე “მეილები” შეამოწმეთო.
თუ ისეთი სანქციებია ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ, რადგან მსგავსი ჩვენ არაფერი მიგვიღია. რადგან ერთადერთი მესიჯი, რაც მივიღეთ იყო ურთიერთობა მომავალში თანაბარი ურთიერთობების ფორმატში გაგრძელება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში სანქციებს უყოყმანოდ დააწესებს. კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი ოლიგარქის ხელისუფლებამ ოფიციალური ვაშინგტონიდან უკვე მიიღო. საახელმწიფო დეპარტამენტი ამ დროისთვის კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს, თუმცა ქვეტექსტების გარეშე განმარტავს, რომ სანქციების ახალ პოლიტიკაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
“ქართული ოცნების” ყველა რგოლი ისევ პროპაგანდას იშველიებს და აცხადებს, რომ მთავარი სტრატეგიული სახელმწიფოს მხრიდან სავიზო შეზღუდვები არ დაწესებულა, თუმცა საპირიპიროს ამტკიცებენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციის ინფორმაციით, არა მხოლოდ “ქართული ოცნების” ლიდერები, მათი ოჯახის წევრებიც შეზღუდვების ქვეშ არიან. შეერთებული შტატების ვიზა გაუქმებული მაღალჩინოსნებისთვისაც, შესაბამისად ამერიკის ტერიტორიაზე მათი შესვლა აკრძალულია.