მეწყერმა ოკუპირებულ სოფელ პირველ ბედიაში სახლები და გზა დააზიანა
ოკუპირებული აფხაზეთის, ტყვარჩელის რაიონის სოფელ პირველ ბედიაში ჩამოწილილმა მეწყერმა სამი მოსახლის საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
“აფსნიპრესის”ცნობით,პირველი შეტყობინება ადმინისტრაციაში სოფელ პირველი ბედიიდან, 22 იანვარს შემოვიდა.
“მეწყერის შედეგად ორი, ხარჩილავების და სამსონიების ოჯახი დაზარალდა. ნახევარი საათის წინ კი მესამე შეტყობინება მივიღეთ, კიდევ ერთი ოჯახისგან”, – უთხრა გამოცემას ტყვარჩელის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადისლავ არშბამ.
მისი თქმით, მეწყრის გამო დაზიანებულ სახლებში ცხოვრება “შეუძლებელია და პრობლემის გადაჭრა, მხოლოდ ამ ადამიანების განსახლებით მოგვარდება”.
ამავე ცნობით, მეწყერმა იმ საავტომობილო გზის 100 – მეტრიანი მონაკვეთიც დააზიანა, რომელიც რაიონის სამ სოფელს ტყვარჩელის რაიონთან აკავშირებს.
არშბას თქმით,შემთხვევის ადგილი უკვე გამოიკვლიეს გეოლოგებმა და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა ზარალიც დათვალეს.
მათ ახლა “მთავრობის” დახმარების იმედი აქვთ.