რეგიონისაქართველოსიახლეები

მეწყერში მოყოლილ მამაკაცს 18 საათია ეძებენ

უკვე 18 საათია ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობს. ის საგზაო დეპარტამენტის თანამშრომელია, რომელიც შემთხვევის ადგილზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. ადგილზე მობილიზებულია როგორც რეგიონის სამაშველო სამსახურის, ასევე თბილისიდან სპეციალურად ჩასული სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

კახეთის გუბერნატორის განმარტებით, ჯერჯერობით, სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, კვალი ნაპოვნი არ არის. მისივე განმარტებით, მეწყერსაშიშროება კვლავ არსებობს, რაც სამძებრო სამუშაოებს ართულებს.

“2 ადამიანი იყო მოყოლილი. ერთი ადამიანი მაშინვე იქნა ამოყვანილი ზვავიდან. მას ტრავმა აქვს ფეხზე, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში არ არის. გადმოყვანილია საავადმყოფოში.

ერთი ადამიანი ჯერჯერობით არ ითვლება ნაპოვნად. იქ შესული არის მაშველთა დიდი ჯგუფი. მათთან ერთად არის გარემოზე ზემოქმედების სააგენტოს სპეციალისტები.

ამჟამად ამ ეტაპზე, იქ მაშველთა ყველა ჯგუფი არის ასული და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. უფრო კონკრეტული ინფორმაცია გვექნება ალბათ შუადღის შემდეგ.” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მოისმინეთ ირაკლი ქადაგიშვილის ხმა.

მეწყერი გუშინ საღამოს თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია “თუშეთის გზის” თანამშრომელები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button