მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მეწყერულ პროცესებთან დაკავშირებით მოსახლეობა მთავრობას პეტიციით მიმართავს

გააქტიურებულ მეწყერულ პროცესებთან დაკავშირებით მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას,თბილისის მერიას და გარემოს დაცვის სამინისტროს, პეტიციით მიმართავს.

“რამდენიმე დღეა, ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ვცხოვრობთ ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო. მოსახლეობას არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ტიპის საშიშროება რომელ უბნებს და ქუჩებს ემუქრება ვაშლიჯვარში და თუ არ ემუქრება – რა დასკვნებზე დაყრდნობით. მერიის მიერ პირველ დღებში გავრცელებული ინფორმაცია რომ „გერმანელი ექსპერტები ჩამოდიან“ არის უკიდურესად ზოგადი და ის არ შეიცავს შიშის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის დამაიმედებელ ან რაიმე მიმართულების მომცემ ინფორმაციას. ჩვენ ვითხოვთ პროცესის მაქსიმალურად გასაჯაროვებას, საფრთხის კომპეტენტურ ანალიზს, ყოველდღიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ინფორმაციის გაცვლას ამ პრობლემაზე პასუხისმგებელ პირებთან”, – წერია პეტიციაში.

გააქტიურებული მეწყერული პროცესების შესასწავლად თბილისში დღეს, 22 მარტს გერმანელი სპეციალისტები ჩამოვლენ. დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე გზა მალე გაიხსნას და გადაადგილება უსაფრთხო იყოს.

გეოლოგების და ექსპერტების ნაწილი მერიას მიმართავს, რომ ვიდრე საფრთხე არსებობს ადგილზე სამშენებლო პროცესები შეჩერდეს

“როცა ასეთი მშენებლობები და ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება, მაშინ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გათვალისწინება, ახლა შეუქცევადია პროცესი, ამიტომ პრინციპში დაგვიანებულია, თუნდაც იმ ბლოკის ადგილზე დამაგრებაზე ფიქრი, წარმოუდგენელი ამოცანაა. უნდა მოხდეს დარჩენილი ფერდების 24 საათიანი მონიტორინგი, რომ გამოჩნდეს ისინი რამდენად სტაბილურია, თუ გადაადგილდებიან”, – თქვა დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა.

შეგახსენებთ, მაჭავარიანის ქუჩაზე, ანუ იქ, სადაც მთაზე ნაპრალი გაჩნდა, მერიამ 9 მილიონი ლარი დახარჯა წყლის სისტემების გამოცვლისთვის – არსებობს ეჭვი, რომ ამ სამუშაოებმა და ახალი გზის მშენებლობამ, რომლითაც ვაშლიჯვარი მარშალ გელოვანის გზატკეცილს უკავშირდება, და რაც ქალაქს 15 მილიონი დაუჯდა, მეწყრული პროცესები დააჩქარა. წყლის სისტემების გამოცვლას და ახალი გზის მშენებლობას ერთი და იგივე კომპანია, „ბლექ სი გრუპი“ ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button