მნიშვნელოვანისიახლეები

მეწყრულ მასაში სტიქიის ტერიტორიებზე და მდინარეების კალაპოტებში-14 დღეა მეხანძრე-მაშველები დაკარგულებს ყველგან ეძებენ

შოვის ტრაგედიის დროს დაღუპული და ნაპოვნი 26 მოქალაქის ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია. მაშველები და სამხედროები კი ბუნებრივი კატასტროფის ეპიცენტრში მუშაობას აგრძელებენ და კიდევ 7 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ.

სტიქიის ეპიცენტრში რჩება მძიმე ტექნიკაც, რომელიც ტერიტორიას ჩამოწოლილი მიწის მასისგან წმენდს. სამაშველო ბრიგადები ამოწმებენ მდინარეების კალაპოტებსაც. ძებნის პერიმეტრი გაზრდილია, საგანგებო სიტუაციების სამსახურს და ჯარს ბრძანება აქვს მიღებული, გააგრძელონ სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე, სანამ დაკარგული მოქალაქეების პოვნის თეორიული შანსი მაინც იარსებებს.

37 წლის მამაკაცის ოჯახმა დღეს შეიტყო, რომ ნაკიეთში, ხიდთან ნაპოვნი ცხედარი, თემურ ჩარკვიანს ეკუთვნის. სტიქიის დროს დაღუპულის ახლობლებმა, 3 აგვისტო დეტალურად გაიხსენეს. ჰყვებიან, რომ თავდაპირველად ძლიერი ხმაური გაიგეს, ღვარცოფის ჩამოსვლიდან რამდენიმე წუთში კი ჩარკვიანს მობილურზე ვეღარ დაუკავშირდნენ.

მდინარის კალაპოტში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი, დღეს გაირკვა, რომ ის დიტო ფირცხალავას ეკუთვნის. მაშველებმა დაღუპული სოფელ ნაკიეთთან აღმოაჩინეს, იმდენად დასახიჩრებული, რომ ოჯახმა თავდაპირველად ვერ ამოიცნო და საჭირო გახდა დნმ-ის ანალიზის ჩატარება. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი შოვში, სოფელ ლაგვანთიდან იყო ჩასული და მშენებლობაზე მუშაობდა.

თემურ ჩარკვიანთან და დიტო ფირცხალავასთან ერთად იმყოფებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ჩალაძეც. ახალგაზრდა მამაკაცი სტიქიისას შოვში იყო.

სტიქიის ზონაში, დაღუპულებს შორისაა სალომე ხეთაგურიც. მას 3 აგვისტოდან ეძებდნენ. მაშველებმა ის გუშინ, დღის ბოლოს იპოვეს. ცხედარი დღეს მამამ ამოიცნო.

14 დღეა მეხანძრე-მაშველები დაკარგულებს ყველგან ეძებენ. ჩამოშლილ მეწყრულ მასაში, ნანგრევებში, სტიქიის მიმდებარე ტერიტორიებზე და მდინარეების კალაპოტებში. იქ სადაც ფეხით გადაადგილება რთულია, ცოცხალ ძალას , სპეც ტექნიკა და სამაშველო ნავები ეხმარებიან.

30 ჰექტარზე ჩამოსული მასის უდიდესი ნაწილი მაშველებისა და სამართალდამცველების მიერ უკვე დამუშავებულია.

“სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება და ძებნა-შველის ღონისძიების სამუშაოები ფაქტიურად დღეს დავასრულეთ” | მღებრიშვილი

14 დღიანი სამუშაოების შედეგად, სამძებრო არეალი 60 კილომეტრზე მეტია. მეწყრული მასის 90%-ზე მეტი, სპეციალისტების თქმით, უკვე შესწავლილი და დამუშავებულია.

სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებს დღეს კიდევ ერთხელ გაეცნო “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტიქიის ზონაში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა. მისი თქმით, დაკარგულების საძიებო პროცესი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა მოქალაქეს არ იპოვიან.

სტიქიის ზონაში, 3 აგვისტოდან დღემდე 400 მაშველი იმყოფება, ადგილზე მობილიზებულია 100-ზე მეტი სპეცტექნიკა, მეხანძრე-მაშველებს ეხმარება თავდაცვის ძალების ორი ასეული. სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან მოხალისეებიც.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 24 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button