მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს-კახი კალაძე

დედაქალაქში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს და ინფორმაციები არასწორად ვრცელდება, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში, დამოუკიდებელი ექსპერტები და დაინტერესბული პირები ჩართოს.
“მე ვიცი, რომ არის კიდევ გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ზოგადად მეწყრულ ადგილებს სწავლობს დედაქალაქში და ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. მინდა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოს ამ სამუშაო ჯგუფში, ისინი ცუდს არაფერს გააკეთებენ, პირიქით საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდიან. რათა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა…. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ძალიან ბევრი ადამიანი, მედიასაშუალების წარმომადგენელი, ექსპერტი ადის ტერიტორიაზე და ნახულობს. ჩვენ გავამკაცრეთ უსაფრთხოების ზომები, ვცდილობთ, რომ არ შევუშვათ ადამიანები, იმიტომ, რომ იქიდან ჩამოსული ადამიანები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და პანიკას თესავენ. თუ მართლა გული შეგტკივათ ჩაერთეთ ამ სამუშაო ჯგუფში”, – თქვა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მეწყრულ ზონაში მუშაობა გერმანელმა ექსპერტებმაც დაიწყეს.