მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეუღლე მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა

ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე ქორწინებიდან 14 წლისთავზე, სამი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა.

34 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია და ამ დროისთვის, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებული ილია ქურდაძე დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია საუბარი. დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ მოკლული 31 წლის თაკო რუსიას ნათესავებსაც, რომელთა თქმით, მეუღლეები ერთად 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და კონფლიქტები არ ჰქონდათ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ილია ქურდაძე ბოლო პერიოდში ხშირად სვამდა და სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტშიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო.

ინციდენტი გუშინ, დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა. ილია ქურდაძემ მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მეუღლეს. ფაქტს, სავარაუდოდ, მათი შვილებიც შეესწრნენ, რადგან ისინი ამ მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.

სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები შვიდ საათზე მეტხანს მუშაობდნენ.

დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში წაუყენებენ და შემდეგ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. ილია ქურდაძეს გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლს ედავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button