მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეუფე სტეფანეს ქადაგება ჟურნალისტებს და დაანონსებული პრესკონფერენცია

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ პირველი საკვირაო წირვა აღავლინა მას შემდეგ, რაც ეპარქიაში ჟურნალისტები დაშავდნენ.

მიტროპოლიტმა ტაძარში მყოფ მედიის წარმომადგენლებს ამჯერადაც მიმართა. მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია წირვებზე დასწრება მათი სულებისთვის. მეუფემ ისაუბრა შენდობის დღის მნიშვნელობაზე, მედიის წარმომადგენლებს და სასულიერო პირებსაც შენდობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სტეფანე კალაიჯაშვილმა აბაშის სოფელ სუჯუნაში 9 მარტს ჩატარებულ წირვაზეც, ქადაგების დიდი ნაწილი მედიის როლზე საუბარს დაუთმო.

„ამ წირვებზე თქვენი დასწრება ჩვენთან ერთად, ყველა ჩვენს მსახურებაში მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სულებისთვის. რას გამოიტანთ აქედან, ეს არის მთავარი და მე გისურვებთ, რომ დღეს არის შენდობის დღე და თუ ვინმეს რამე შეცდომა დაუშვია, არასწორად გაუკეთებია, ღმერთმა შეუნდოს და თვითონაც მოინანიოს, არა მხოლოდ ჟურნალსტებმა, არამედ ნებიესმიერმა ადამიანმა, ყველამ, მათ შორის სასულიერო პირებმა, ყველა იმ ადამიანმა ვინც დღეს ამბობს, რომ არის ეკლესიაში მრევლი, არა მარტო ისინი ვინც დღეს ამ ეკლესიაშია, არამედ ყველა ეპარქიაში, საქართველოს და მსოფლიოს ეკლესიაში, ვინც ამ დღეს აღნიშნავს განსაკუთრებით, როგორც მიტევების კვირას“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მან ჟურნალისტების საყურადღებოდ აღნიშნა ასევე, რომ მისი გეგმა წირვა, ლოცვა და მარხვაა:

„სულ მეკითხებით რა გეგმები მაქვს – გეგმები მაქვს წირვები და ლოცვები. ჩემი გეგმები ეს არის“, – განაცხადა მეუფემ.

მან მრევლს მოუწოდა ტაძარში დილის ხუთ საათზე მივიდნენ რადგან სწორედ ამ დროიდან დაიწყება მსახურება და ლოცვების კითხვა.

მისივე სიტყვებით, დღეს საღამოს ტაძარში მიტევება-შენდობის წესი აღსრულდება და ყველას სინანულისკენ, ლოცვისკენ მოუწოდა, რადგან სინანულის გარეშე ვერ დაიწყება სააღდგომო მარხვა. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჟურნალისტებზე და სასულიერო პირებზე.

„ყველას, ვისაც განსაკუთრებით უაზრო ქმედებებში მოუწია მონაწილეობა. მათ შორის სასულიერო პირებს, მოვუწოდებ შენდობა ითხოვონ საჯაროდ, ყველას წინაშე, იმიტომ რომ ეს მათ ძალიან დიდ ძალას მისცემს უფლისკენ მობრუნებისა, ეკლესიისგან შეწყნარებისა. მრევლი, ადამიანები და მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, შენდობა ითხოვონ ოღონდ თავიანთ მოძღვრებთან, ვინც არის მორწმუნე და ვინც არ არის მორწმუნე ახლა თავის თავს თვითონ მიხედავს. უფალი როგორ დახვდება, თვითონ იკითხოს, მაგრამ ვისაც აქვს სინდისი ქრისტიანული, მივა მოძღვართან და შენდობას ითხოვს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ერის ხალხი საჯაროდ იხდიდეს ბოდიშს. ერის ხალხმა თავის მოძღვრებთან უნდა ითხოვოს შენდობა და ყველას მიეცემა შენდობა“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ უფლება აქვთ მისი ქადაგება გადაიღონ და გამოიყენონ, თუმცა კომენტარს და ეკრანებზე გამოჩენას არ აპირებს სააღდგომო მარხვის პერიოდში. მისი დასრულების შემდეგ კი გეგმავს პრესკონფერენციას, სადაც მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

ჭყონდიდის ეპარქიაში, 8 მარტს, მრევლის ნაწილს და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება მოჰყვა ახლადდანიშნული მიტროპოლიტის ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ორ დიაკვანს უფლებამოსილება შეუჩერა დაუმორჩილებლობის გამო. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

 

ავტორი,

თეა შონია

მსგავსი პოსტები

Back to top button