მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

მიჩიგანსა და ვისკონსინში ახლა ბაიდენი ლიდერობს

აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა გრძელდება. უკანასკნელი მონაცემებით, გადამწყვეტი მნიშვნელობის ორ მერყევ შტატში, ვისკონსინსა და მიჩიგანში, სადაც ამ დრომდე დონალდ ტრამპი ლიდერობდა, ახლა პირველ ადგილზე ჯო ბაიდენია.

ვისკონსინში დათვლილია ხმების 95%, ჯო ბაიდენს 49.6% (1 630 334 ხმა) აქვს, დონალდ ტრამპს კი 48.9% (1 609 586 ხმა).

რაც შეეხება მიჩიგანს, აქ დათვლილია 94%, ჯო ბაიდენს აქვს 49.3% (2 502 185 ხმა), დონალდ ტრამპს კი 49.1% (2 492 118 ხმა).

ასევე, კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული, ვინ გაიმარჯვა რამდენიმე შტატში . ესენია – ნევადა, (სადაც ბაიდენი ლიდერობს), პენსილვანია, ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია, (სადაც ტრამპი ლიდერობს).

ვისკონსინსა და მიჩიგანში გამარჯვების შემთხვევაში ბაიდენი საარჩევნო კოლეგიაში ზუსტად იმდენ ხმას მოიპოვებს, რაც გამარჯვებისათვის არის საჭირო.

პარალელურად, მიმდინარეობს აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის არჩევნების შედეგების დათვლა. წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები შეინარჩუნებენ. ბოლო მონაცემებით, მათ უკვე მოიპოვეს 189 ადგილი, რესპუბლიკელებს კი ამ დროისათვის 181 ადგილი აქვთ. უმრავლესობისათვის პარტიებს 218 ადგილი სჭირდებათ.

რაც შეეხება სენატს, აქ უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია ინარჩუნებს. 3 ნოემბერს რამდენიმე შტატში 35 ახალ სენატორს ირჩევდნენ. ხელახლა ასარჩევი ადგილებიდან 23 რესპუბლიკელებს ეკავათ, 12 კი დემოკრატებს. ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელებმა 17 ადგილი შეინარჩუნეს და ლიდერობენ კიდევ 4 შტატში. დემოკრატებმა შეძლეს რესპუბლიკელების დამარცხება ორ შტატში – კოლორადოსა და არიზონაში. მათ კვლავ გაიმარჯვეს 10 შტატში, თუმცა მარცხდებიან მიჩიგანში, სადაც მოქმედი სენატორი დემოკრატია. მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო ჯორჯიაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button