მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის

უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია, ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ახლა ყურადღება გაიზარდა და გააქტიურდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებიან.

“უკრაინაში მიმდინარე ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გაიზარდა და გააქტიურდა.

ამიტომ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია და ჩვენი ქიმიური, აი ასე ნივთიერებების სახით შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალ დაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში. მინდა, აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2.3 მლრდ დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“შარშანდელი დავოსის ეკონომიკური ფორუმისა არ იყოს, წელსაც, დღეს – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი წამყვანი როლი ეკავა სამხრეთ კავკასიის თემატიკაზე წამოჭრილ დებატებში. ნიშანდობლივი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასება, რომელმაც საქართველოს და მის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ორმხრივ (სომხეთი-აზერბაიჯანი) მოლაპარაკებებში მედიატორის როლის შესრულებისთვის,” – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი დავოსში გამართულ დებატებს.

როგორც ის აღნიშნავს, საინტერესო იყო იმ მოცულობების გაზრდაზე საუბარი, სადაც “აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ტვირთბრუნვა, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, არსებული 25 მილიონი ტონიდან შეიძლება სულ მცირე პერიოდში – 48 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიო საინვესტიციო ფონდს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 49%-იანი პაკეტი ელოდება თავის პოტენციურ ინვესტორს.

დავოსში წარმართულ დისკუსიაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, საქართველოზე – როგორც ნავთობის, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, “მწვანე” ენერგიის, ინტერნეტის – სატრანზიტო გამტარი დერეფნის წამყვან მოთამაშეზე. ამ თემებზე დისკუსიაში მონაწილე თურქეთის ლობისტმა კერძო კომპანიის წარმომადგენელმა და ევროკომისარმა ჰანმა (ავსტრია) – საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, აშკარად დაუთმეს აღნიშნულ თემატიკაში ლიდერების თანამომხსენებელთა როლი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ტრადიციულად სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცენტრალური და წამყვანი ადგილი – საქართველოს ეკავა და სამწუხაროდ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანისა და საქართველოს გვერდში – მსოფლიომ სომხეთი ვერ იხილა,” – წერს დავით ქართველიშვილი.

თურქული კომპანია “ლიმაკ ჰოლდინგის” თავმჯდომარის ებრუ ოზდემირის განცხადებით, ქვეყნებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობის დროს, კერძო სექტორისთვის უფრო მარტივი ხდება ჩართვა.

“ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრძანეს, რომ ძალიან ძლიერია თანამშრომლობა ამ ქვეყნებს შორის და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. თუ ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა არსებობს ქვეყნებს შორის, კერძო სექტორისთვის უფრო იოლი ხდება ჩართვა,” – განაცხადა ებრუ ოზდემირმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

მისივე თქმით, თურქეთი დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ინფრასტრუქტურაში.

“ჩვენ გაკეთებული გვაქვს პორტები. ძველი პორტები გავზარდეთ, განვავითარეთ, გავაფართოეთ. წარმოუდგენლად გათანამედროვდა ჩვენი ინფრასტრუქტურა და რკინიგზაშიც ვაკეთებთ კაპიტალდაბანდებას. ყველაზე ნაკლებად განვითარებული რკინიგზაა თურქეთში. ყარსი-თბილისის პროექტი 2017 წელს დავიწყეთ და ახლა გააქტიურებულია. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანეს, პორტების მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა. რაც შეეხება თურქეთს, გზატკეცილები მზად არის, ჩანაკქალეს კვანძი გაკეთებულია და ანატოლია უკავშირდება ევროპას ამ კვანძით. ეს არის ყველაზე გრძელი ხიდი. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობა,” – განაცხადა ებრუ ოზდემირმა.

ებრუ ოზდემირმის განმარტებით, ბევრი საჭიროება გამოიკვეთა ევრაზიის შუა დერეფნის კუთხით, სარკინიგზო, საპორტო და სხვა მიმართულებით. ებრუ ოზდემირის განცხადებით, თუ აშენდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, როგორც ტანაპის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემთხვევაში გაკეთდა, ევრაზიის შუა დერეფანსაც იგივე შეეხება.

ამავდროულად, ებრუ ოზდემირის თქმით, შუა დერეფანი ლოგისტიკურ ცენტრებს, შემნახველ ობიექტებს, საწყობებს განავითარებს, რაც ხელს შეუწყობს ამ გზაზე მყოფი ქვეყნების კერძო სექტორის განვითარებას.

ამასთან, ებრუ ოზდემირმა საბაჟო და საგადასახადო საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. “14 სხვადასხვა ქვეყანაში ვმუშაობ და საბაჟო არის ყველაზე ნაკლებად განვითარებული მსოფლიოში. ამიტომ ეს ასპექტი კარგად უნდა იყოს განვითარებულო, უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად,” – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ებრუ ოზდემირის თქმით, შესაძლოა, ბლოკჩეინი გახდეს ფულადი ერთეული, რომლითაც მოხდება ვაჭრობა და ახალ, თანამედროვე იდეებზე საუბრის არ უნდა შეეშინდეთ.

“კიდევ ერთი საკითხი არის ფულადი ერთეული. შეიძლება, ბლოკჩეინი გახდეს ის ფულადი ერთეული, რომლითაც მოხდება ვაჭრობა. არ უნდა შეგვეშინდეს ახალი, თანამედროვე იდეების გაჟღერების. მიმაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების მთავრობების, პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების ჩართულობით ყველაზე სწრაფად მოახდენს ამ პროექტის განხორციელებას. ამ კომპლექსურ გარემოში ჩვენ გვჭირდება ეს პროექტი,” – განაცხადა ებრუ ოზდემირმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button