კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე მიესაჯა

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სააპელაციო სასამართლომ 15 წელი მიუსაჯა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზაზა სარალიძეს და ირაკლი შოთაძეს გარიგებაში ადანაშაულებს. ზურაბ თოდუას განცხადებით, გუშინ სააპელაციო სასამართლოში, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა შედგა. ადვოკატის თქმით, პროკურატურამ მოახდინა ზეწოლა მოსამართლეზე, რათა ძალაში დაეტოვებინა გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

თოდუას მტკიცებით, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოურიგდა ზაზა სარალიძეს, რომ თუკი ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძის ხელმეორედ პროკურორად დანიშვნას არ გააპროტესტებდა, მაშინ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დარჩებოდა.

„წუხელ გვიან ღამემდე ამ სასამართლოს შენობაზე განხორციელდა ზეწოლა გენერალური პროკურორების მაღალჩინოსნებისგან, რომლებსაც არანაირად არ აწყობდათ სხვა განაჩენის გამოტანა, გარდა იმისა, რაც ახლა მიიღეს.

“ირაკლი შოთაძესა და ზაზა სარალიძეს შორის არსებობს გარიგება იმის შესახებ, რომ ზაზა სარალიძე ხმას არ ამოიღებდა, არ გააპროტესტებდა, არ დაიწყებდა აქციებს, თუ გენერალურ პროკურორად შოთაძე დაბრუნდებოდა. სარალიძეს დაპირდნენ, რომ კალანდიას პატიმრობაში დატოვებდნენ.” – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მოისმინეთ ზურაბ თოდუას ხმა.

პროკურორის განცხადებით, ეს აბსურდული ბრალდებებია და სასამართლომ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

„ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, რა შეთანხმებაზე საუბრობს დაცვის მხარე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები. სწორედ ამ მტკიცებულებების ხარჯზე იქნა მიღებული სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული განაჩენი.” – აცხადებს პროკურორი ბესიკ ქვარცხავა.

მოისმინეთ ბესიკ ქვარცხავას ხმა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button